მთავრობას აქვს ინიციატივა, ამნისტია გამოაცხადოს სახელმწიფო მიწების მისაკუთრების საქმეებზე

პუბლიკა

პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ამნისტიას გეგმავს იმ საქმეებზე, სადაც პირს ბრალი ედება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დანაშაულებრივი გზით მოპოვებაში.

ღარიბაშვილის თქმით, პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

მისი თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.

„მინდა, კიდევ ერთ საკითხზე გავაცნო მოქალაქეებს ჩვენი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში. მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან და პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე.

ახლა მინდა, განვმარტო, თუ რას ვგულისხმობთ – ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362 მუხლებით ჩადენილ დანაშაულებზე. ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს…

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში, საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ექვივალენტური თანხის გადახდის გზით.

…ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, ის გადაიხდის შესაბამისი ღირებულების თანხას და ამით მოგვარდება ეს საკითხი“, – განაცხადა პრემიერმა

მისივე განმარტებით, ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე.