გერმანის საგარეო ოფისი ეხმაურება რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, ევროპული მომავლისკენ გზა არ შეაფერხოს.
„ათასობით ქართველი ყოველ საღამოს აქციას მართავს თავისუფალი სიტყვისა და სიცოცხლით სავსე სამოქალაქო სექტორისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ევროპული მომავლისკენ ქვეყნის გზა”, – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ ევროპარლამენტმა რუსულ კანონზე რეზოლუციას და ორივე შესწორებას მხარი დაუჭირა. შეჯერებულ პროექტში, რომელსაც მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხაზგასმულია, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია.
რაც შეეხება ორ შესწორებას – ის მოიცავდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან რუსული კანონის შესაბამისობის შეფასებას, ჰომოფობიური საკონსტიტუციო კანონპროექტის გაწვევას, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებას.
რეზოლუციის წინააღმდეგ 25-მა მისცა ხმა, ხოლო თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა