მთავრობას არა აქვს უფლება წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“

პუბლიკა

მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც კონსორციუმში აცხადებენ, მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ გაურკვეველი დროით გადაიდება ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ოპერირების ეტაპი – გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო კონსტრუქციული მიმართულებით შეცვლის აღებულ კურსს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არაერთგზის სცადა, რომ თავიდან აეცილებინა დავის სცენარი, რათა არ გამოწვეულიყო პროექტის შემდგომი დაგვიანება. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ კონსორციუმს არ დარჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ დაიცვას კომპანიისა და მისი აქციონერების ინტერესები – ყველა ხელმისაწვდომი იურიდიული ბერკეტის გამოყენებით. კონსორციუმი კიდევ ერთხელ ეცდება, რომ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს დავა სახელმწიფოსთან, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, არ დარჩება სხვა გზა, თუარა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის წამოწყება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვეტენ. ცქიტიშვილის აზრით, კონსორციუმისთვის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გაწერილი პროცედურები დაიწყება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდაც მოუწევს, რადგან სახელმწიფომ 10 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო უკვე აპატია და კონსორციუმმა ახლა ყველა ხარჯი უნდა დაფაროს და მისთვის გადაცემული მიწა დააბრუნოს.

ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამართლებრივი დავის საფუძველი, თუმცა კონსორციუმს აქვს ამის უფლება და ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხელისუფლება ჩაერთვება სამართლებრივ დავაშიც.