პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ. აღნიშნული კანონპროექტით კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოქმედების ვადა გრძელდება 2021 წლის 1 იანვრამდე.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა და ვადის გახანგრძლივების შესახებ არგუმენტები მოიყვანა.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, კანონმა საშუალება მისცა ხელისუფლებას და მთავრობას, რომ ემართა კრიზისი და ეს კრიზისი იმართა საკმაოდ კარგად და შედეგი არის გამორჩეულად პოზიტიური, მაგრამ ვადა ამ კანონის მოქმედების იწურება ხვალ ანუ ხვალინდელი დღის შემდეგ თუ ჩვენ არ შევიტანეთ შემოთავაზებული ცვლილება, რჩება ცარიელი სივრცე, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მთელ მსოფლიოს და საქართველოს, გამორჩეული შედეგის მიუხედავად, ისევ გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. ასევე, მოსალოდნელია შესაძლო მეორე ტალღა და ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მეორე ტალღა იყოს უფრო მძლავრი და მეტი ზიანის მომტანი.
კიდევ, დამატებით, ის რომ ჩვენ ვუახლოვდებით საარჩევნო პროცესს და შესაძლოა, არჩევნები გახდეს ბიძგი ეპიდემიის უფრო მაღალ ხარისხში გავრცელების, ამიტომ ყველა ამ მიზეზისა და უმთავრესი უფლების დასაცავად, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება და მთავრობას მივცეთ ბერკეტი იმისა, რომ დაიცვას მოქალაქეების ეპიდუსაფრთხოება და დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, მე გთავაზობთ, რომ ეს ვადა გადავწიოთ წლის ბოლომდე“, – განაცხადა ხუნდაძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია – „ევროპული საქართველო“, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები – კანონპროექტს არაკონსტიტუციურს უწოდებენ და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის შეზღუდვის იარაღად აღიქვამენ. სესიას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა“.