მთავრობას შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა შეახსენეთ - ოპოზიცია პარტნიორებს მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავენ.

„მაშინ, როცა მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც ცდილობს გაუმკლავდეს უპრეცედენტო პანდემიას, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, გვსურს მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია 2020 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების შესახებ”, – ნათქვამია წერილში.

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. წერილში ნათქვამია, რომ 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია.

14 აპრილს, შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები სადაც მათ გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს.

„ამის საპირისპიროდ, ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები – გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი არ გათავისუფლდებიან.

როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ.

ჩვენი ამოცანაა რომ ეს არ მოხდეს. საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად. დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით, რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ, “- ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერს 27 ხელმომწერი ჰყავს:  ევროპული საქართველო;ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; საქართველოს ლეიბორუსტული; პარტია პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“; სამოქალაქო მოძრაობა; თავისუფალი დემოკრატები; ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“; ახალი საქართველო; საქართველოს რესპუბლიკური პარტია; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ევროპელი დემოკრატები; საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება; ქრისტიან-კონსერვატიული პარტია; მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის; ვემსახურები საქართველოს; საქართველო ლიდერთა შორის; მოძრაობა სამართლიანობისთვის’ სამოქალაქო ალიანსი ;თავისუფლებისთვის; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; ახალი ქრისტიან-დემოკრატები; კანონი და სამართალი; ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობა; გამარჯვებული საქართველო; ახალი საქართველოსთვის; დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.