პანდემიის ფონზე მთავრობაში ადგილობრივი წარმოების გაზრდილ მნიშვნელობაზე საუბრობენ

პუბლიკა

მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ფონზე ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობა გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივ წარმოებაზე გაკეთდა.

„ისეთი წარმოებები, რომლებიც, მაგალითად, ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე წლის წინ არ იყო აქტუალური, დღეს უკვე სულ სხვა დატვირთვას იძენს. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები არამხოლოდ „აწარმოე საქართველოში“-ის ფარგლებში იქნება, არამედ სხვა ყველა მიმართულებით, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზე.

„ახლა ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება პირველ რიგში განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი, ინდუსტრიები,  ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკული პროდუქტებით…

…პირველ რიგში საკუთარი ბაზარი დავაკმაყოფილოთ და როგორც კი გლობალური ბაზრები ამის საშუალებას მოგვცემს, ექსპორტიც გავაფართოვოთ“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა მზადაა, რომ „აგარის შაქრის“ კომბინატის განახლებაზე იმუშაოს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, „ორიოდე თვეში“ საწარმო ამუშავდება.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი რესურსით და მხოლოდ ამ ერთი წარმოების მუშაობის განახლებით თითქმის ნახევრამდე, 50%-მდე საკუთარი რესურსით უზრუნველვყოთ ჩვენი ბაზრის შაქარზე მოთხოვნილება. მზად ვართ, დავიწყოთ განახლება, ამაზე მუშაობა ისე, რომ სულ ორიოდე თვეში ეს ქარხანა მწყობრში ჩადგეს. ყველაფერთან ერთად, ეს ნიშნავს 500-ზე მეტი დასაქმებულის პრობლემის გადაწყვეტას, რადგან ეს ადამიანები დასაქმდებიან, 500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს აქედან შემოსავალს. უახლოეს დღეებში მე და ჩემი კოლეგა, ლევან დავითაშვილი ვესტუმრებით საწარმოს, ადგილზე გავეცნობით, როგორ წავა განახლების და რემონტის სამუშაოები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ორი კირის წინ დაიწყო პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც დღეს რამდენიმე წვრილი და მსხვილი სამკერვალო წარმოებაა ჩართული. მისივე თქმით, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან პირბადეები სააფთიაქო ქსელში გამოჩნდება.