„ვურჩევთ მთავრობებს ჩვენი სანქციები გამოიყენონ გამოძიებაზე მინიშნებად“ - აშშ-ის ელჩი ფარცხალაძეზე

პუბლიკა

საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ერთგვარი მინიშნებაა გამოძიების დაწყებისკენ.

ელჩი განმარტავს, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს აშშ-ს სანქციები. ასევე, საუბრობს, რატომ მოხვდა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი სანქცირებულთა შორის.

„ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე – რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც.

ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ”, – ამბობს ელჩი.


2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია. OFAC-ის განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშენკომ და თავად FSB-მ „გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.

დაწესებული სანქციების გამო ოთარ ფარცხალაძეს „აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება” შეეზღუდა და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გამონაკლისის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაუწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.