მთავრობის ადმინისტრაცია: NATO-ში ელჩის პოზიციაზე ბურჭულაძის კანდიდატურა გაგზავნილი არ არის

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაცია „პუბლიკას” ეუბნება, რომ NATO-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა გაგზავნილი არ არის.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს თავდაპირველად „მთავარ არხთან” განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს.

მისი თქმით, ამის გამო პრეზიდენტს ელჩების კანდიდატურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღარც უგზავნის.

შემდეგ კი ჯუანშერ ბურჭულაძემ „ტვ პირველთან” დააზუსტა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირადად მას არ ბლოკავს და ელჩობის კანდიდატურები პრეზიდენტთან, სავარაუდოდ, არჩევნებამდე არ გადაიგზავნება.

„მე არ მბლოკავს სალომე ზურაბიშვილი. არ გაგზავნილა ქალბატონ ზურაბიშვილთან ჩემი კანდიდატურა. იმიტომ, რომ, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არჩევნებამდე არ გაიგზავნება კანდიდატურები. არ გადაუფიქრებიათ ჩემი კანდიდატურა. პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ მქონია, იმიტომ, რომ პრეზიდენტთან მას შემდეგ უნდა გქონდეს კომუნიკაცია, რაც გადაიგზავნება.

მე არ გადამიფიქრებია [ელჩობა] ამ ეტაპზე და რომ მივიღებ შემოთავაზებას, შემდეგ საბოლოოდ კიდევ ერთხელ მივიღებ გადაწყვეტილებას”. – ამბობს ბურჭულაძე.

ახლა საქართველოს ელჩი NATO-ში ვიქტორ დოლიძეა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში, მას შემდეგ დაიკავა, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, ხოლო 2024 წლის თებერვალში – დატოვა.

რამდენიმე დღით ადრე, 2024 წლის 30 იანვარს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი და ის ირაკლი კობახიძემ ჩაანაცვლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ კობახიძემ მას თავდაცვის მინისტრის დარჩენა შესთავაზა, თუმცა, ამაზე უარი მას თავად უთხრა.

თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მიიღო NATO-ში ელჩობის შეთავაზება.