მთავრობის ადმინისტრაციაში ეუთოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

აქვე ნათქვამია, რომ  ირაკლი ღარიბაშვილმა ზბიგნევ რაუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა ეუთოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) პროცესში და ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას.

„ყურადღება გამახვილდა ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ეფექტური თანათავმჯდომარეობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. პოლონელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებს, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში პოლონეთის მხრიდან არის გაცხადებული. მთავრობის მეთაურმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.