მთავრობის ადმინისტრაციაში რესტორნების მფლობელებთან შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე იმსჯელეს

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

მათივე ცნობით, ვირუსის გავრცელების შენელების მხრივ გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

„ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით. საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც. შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.