მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მათე სოხაძე ამბობს, რომ 2025 წლის იანვრიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ. სოხაძე ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
„როგორ შეიძლება დაიწყოს 30 დეკემბრის დილა მთავრობის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის, რომელსაც თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებაზე ხელმოწერის გზით და თან საპროტესტო აქციებზეც დადის? – ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ახალი წლიდან კონტრაქტს აღარ მიხანგრძლივებენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო, საჯარო სექტორის დაანონსებული „გაჯანსაღების“ და „თვითწმენდის“ ფონზე, თუმცა უფრო ადრე შეტყობინებას ვისურვებდი.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მხოლოდ იმ მოლოდინის ნორმალიზება, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებენ, კარგი ინდიკატორია იმის მისახვედრად, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ახლა.
[…]
ცუდის ნორმალიზება, არასახარბიელო სტატუს-კვოს შენარჩუნება, ავტორიტარიზმის გაფორმებაზე თვალის დახუჭვა – არც მორალურია და არც პრაგმატული. არასდროს იცი, როდის გახდება „დიადი მიზნებისთვის საჭირო“ შენს თავს დამტყდარი ცუდის გამო გაჩუმება“, – წერს მათე სოხაძე „ფეისბუქზე“.
„პუბლიკას“ მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ მათე სოხაძე უშტატო თანამშრომელი იყო, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და არ უგრძელდება, ხოლო „მისი პოლიტიკური გემოვნების შესახებ არაფერი იციან“.
საჯარო სამსახურებიდან 10-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს – ისინი, ვინც ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულები. მათ შორის, 11 გათავისუფლეს დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ცენტრიდან, ასევე, თბილისის მერიიდან.