პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, რისკების დასაზღვევად მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საქართველოს მოქალაქეებისთვის სოციალური პაკეტის მომზადება დაევალა.
„მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, დაევალა მოამზადოს სოციალური პაკეტი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ შემთხვევაში, თუ დადგება სოციალური ტიპის რისკები, რათა ეს რისკები გადაზღვეული იყოს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი დღეიდან დაიწყებს მუშაობას ამ პაკეტის მოსამზადებლად და წარადგენს საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში“, – განაცხადა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კოვზანაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი დღეს 43-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 1 ინფიცირებული პირი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში 1575 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა დაიხუროს ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო და ბენზინგასამართი ქსელის, საფოსტო და საბანკო განყოფილებებისა, რათა ქვეყანაში უზრუნველვყოთ სოციალური დისტანცია და შევზღუდოთ მობილურობის ხარისხი.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველო საჰაერო მიმოსვლას მთლიანად აუქმებს.
გახარიას თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყანა 4 მიმართულებით არის კონცენტრირებული, ერთ-ერთი მათგანია ეკონომიკა, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს აბარია. გახარიას თქმით, კრიზისის შემდგომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა მინიმალურად დაზიანდეს”, – აღნიშნა მან.