ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ საქართველოს აზერბაიჯანელებს ნოვრუზის დღესასწაულს ულოცავს.
მისალოც განცხადებაში ორგანიზაცია საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოს აზერბაიჯანელმა თემმა ნოვრუზის დღესასწაულად ცნობა და უქმედ გამოცხადება მოითხოვა, ასევე ერთი დღით გადაადგილების რეგულაციის მოხსნა, თუმცა მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა. EMC წერს, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო პრობლემური და დისკრიმინაციული ჩანს იმ ფონზე, როდესაც მთავრობამ არა ერთი შეღავათი დაუშვა სხვა დღესასწაულებისა, თუ სხვა სახის საჯარო თავყრილობის დროს (მაგალითად ფეხბურთის მატჩი).
„სახელმწიფოს ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ინკლუზიური და თანასწორი პოლიტიკის პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. საჯარო სივრცეში და კულტურის პოლიტიკაში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების კულტურა ნაკლებად არის წარმოდგენილი. პოლიტიკურ ენაში კვლავ ჩანს „ჩვენ და ისინი” დაყოფა და უმცირესობების არასათანადო რეპრეზენტაცია, აღიარება და პატივისცემა.
მოქმედი კალენდარიც, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების გამაერთიანებელი დოკუმენტი, არაინკლუზიურია და უმცირესობები მათთვის მნიშვნელოვან კულტურულ თარიღებს მასში ვერ აღმოაჩენენ. კიდევ უფრო სუსტია სახელმწიფოს მცდელობა შექმნას მულტიკულტურული და სოლიდარული გარემო და განავითაროს სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგის, გაზიარებისა და თანამშრომლობის პრაქტიკები. დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგაც ჩვენი სახელმწიფო რთულად ახერხებს უფრო პროგრესულ და გამაერთიანებელ პოლიტიკურ იდეებზე და წარმოსახვაზე დაფუძნებული ერთობის შექმნას, სადაც სხვადასხვა რელიგიურ და ეთნიკური ჯგუფები თანასწორ მოქალაქეებად არიან დანახულები და წარმოდგენილები.
აღიარების პოლიტიკის მიღმა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული საკითხია უმცირესობების ჯგუფებისთვის რეალურად თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნა. ჩვენს ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის, განათლებაზე თანასწორი ხელმისაწვდომობის, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნის მიმართულებით. სამწუხაროდ, სახელმწიფო ფორმალური პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნის მიღმა, რეალურ ცვლილებებზე მიმართულ ქმედით პოლიტიკას არ ატარებს და მისი ძალისხმევა სუსტია.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ჩანს თავად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემების დემოკრატიული ორგანიზება და მოქალაქეობის საერთო იდეაში ჩაწერისა და ამ პერსპექტივით მათთვის უფრო სამართლიანი გარემოს შექმნის მცდელობები. ღირებულია, რომ ეს მოძრაობები სოლიდარულია და ხშირად ეხმიანება საერთო საზოგადოებრივ ინტერესებს და საჯარო ინტერესებს მიკუთვნებულ საკითხებს.
EMC კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს მოქალაქეებს ნოვრუზის დღესასწაულს და სოლიდარობას უცხადებს მათ მცდელობას ააშენონ და წვლილი შეიტანონ უფრო სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში“, – წერს ორგანიზაცია.