„რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის იმპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული.