მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს, კონკრეტული დათქმით, 1 მლრდ ლარის ჯარიმა ჩამოეწერებათ

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის, კონკრეტული დათქმით, დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ.

ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ, განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც.

კონკრეტული დათქმით დავალიანებების პატიება ემსახურება ერთდროულად 2 მიზანს – ერთი მხრივ, კომპანიებს უნდა მოეხსნათ ფინანსური ბარიერი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების პროცესში და მეორე მხრივ, კომპანიებს უნდა დარჩეთ მაქსიმალური მოტივაცია დაგეგმილი პროექტების სათანადო ვადებში განსახორციელებლად“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით,  მკაცრად მივუდგებიან  ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

როგორც კობახიძ ამბობს, ახალი მიდგომით, იწყება „ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა.“