მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე არის ჩართული ამ სექტორში, თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ არის წარმოდგენილი, თუ არ ვცდები, 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და ამან გამოიწვია ძალიან დიდი კლება თხილის წარმოების. მოგეხსენებათ, რომ წელსაც მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო. ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული, ამას ემატება ის, რომ მოთხოვნაა შემცირებული და ფასები დაკლებულია, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს, დავეხმაროთ მაქსიმალურად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით.

მისივე თქმით, ამისთვის პირველ ეტაპზე გამოიყოფა, დაახლოებით, 20 მლნ ლარი.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ექტორში და განსაკუთრებით სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანია ამ სექტორში ჩართული და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე, როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ. მინდა, ვთქვა, ასევე, რომ რთველი წარმატებით დასრულდა, დაახლოებით 250 მლნ ლარი შევიდა, რომ იტყვიან, კახეთის რეგიონში და მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მან წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში,“ – განაცხადა პრემიერმა.