ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც კონსორციუმში ამბობენ, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა.
„ირაკლი ღარიბაშილმა გუშინ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმაც წარადგინა, რომელსაც წარმატება არ უწერია.
გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება დღეს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე, “- ამბობენ კონსორციუმში.
განცხადებაშ ნათქვამია, რომ მათ სურთ გამოყონ რამდენიმე ყველაზე დრამატულად მცდარი და შეცდომაში შემყვანი პუნქტი პრემიერ მინისტრის გამოსვლაში:
-
მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია.
-
სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო.
-
დაუჯერებელია, რომ მთავრობა 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტში, ნაღდი ფულის სახით ბიუჯეტიდან ან სხვა სახელმწიფო სახსრებიდან, მაშინ როდესაც მან უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის სახით (არა ნაღდი ფულის) გაცემაზეც კი, რომ ხელი შეეწყო ADC-თვის პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მოპოვებაში.
-
მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია. მან 2020 წლის თებერვალშიც კი თქვა, რომ „ორ კვირაში“ გამოაცხადებდა ხელახალი ტენდერის გეგმებს.
-
ანაკლიის ტრაგედიაზე, და აქ განსაკუთრებით იგულისხმება უმუშევრად, დამსხვრეული იმედებით და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დარჩენილი ანაკლიელების ტრაგედია, პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომელმაც შეაჩერა და არ მისცა საშუალება ADC-ს, რომ დაესრულებინა დაწყებული პროექტი.
-
პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე.
-
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტმა დაადასტურა, ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა).
-
და ბოლოს, პრემიერმა ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ ADC მუდმივად ცდილობდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მიცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება.
კონსორციუმში ამბობენ, რომ მათი სურვილია, იხილონ ანაკლიის პორტის განვითარება – უბრალოდ და მარტივად.
„მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა, “- ამბობენ ისინი.