დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, მრავალი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას აცხადებს პანდემიური სიტუაციისთვის, მას შემდეგ, რაც ინფიცირების ახალი შემთხვევეები დაფიქსირდა ირანსა და იტალიაში.
მისი თქმით, ეპიდაფეთქებისთვის წინასწარი ზომების მიღება დაიწყო საქართველომაც, ვინაიდან ქვეყანა ჯერ შეკავების რეჟიმში იმყოფება, დაავადებათა კონტროლის მთავარი მიზანი, ვირუსის ქვეყანაში იმპორტირების ხელშეშლაა.
„საქართველოში ჩვენ ვაძლიერებთ მზადყოფნის რეჟიმს უფრო მეტად. ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს და საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და აღნიშნულ ფარგლებში აძლიერებს მუშაობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ის ღონისძიებები, რომლებიც აქამდე ჩინეთში მოგზაურობიდან დაბრუნებული ადამიანების მიმართ ხორციელდებოდა, (მაგ: თერმოსკრინინგი) დღეიდან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანში ნამოგზაურებ პირებსაც ჩაუტარდებათ. ასევე მიმდინარებოს მსჯელობა სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებთან დაკავშირებით, სადაც ეპიდაფეთქების ნიშნები არსებობს.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ირანთან არსებული ინტენსიური ბიზნესურთიერთობებისა და ტურიზმის გამო, საქართველოში ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ჩვენი მეზობელი ქვეყანა წარმოადგენს. სწორედ ამის გამო აიკრძალა ბოლო დროს პირდაპირი საჰაერო ფრენები ირანთან, რათა ინფექციის საქართველოში შემოტანის რისკები მაქსიმალურად შემცირებულიყო.
28 იანვარს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მოამზადა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის. გამყრელიძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი განკარგულება ხვალ გამოქვეყნდება. მისი თქმით, განკარგულების ტექსტი უკვე არსებობს და ყველა საჭირო უწყება მუშაობს მის სრულყოფაზე.
„ჩვენ ჯერჯერობით ვართ დაბალი რისკის ქვეყანა, მაგრამ იმის გამო, რომ მსოფლიოში ზოგადად რისკი მომატებულია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, აუცილებელია ყველა ქვეყანაში შესაბამისი გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმების განხორციელება“,-განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარემ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთს გარეთ კორონავირუსის ლეტალობა 0,5%-ს არ აღემატება, მედიას განუცხადა, რომ კორონავირუსის სასიკვდილო ვირუსად შერაცხვა არასწორია. მისი თქმით, დღეს გავრცელებული კორონავირუსის სიკვდილიანობის რისკი ბევრად დაბალია მის წინამორბედ SARS(9-10%) და MERS(35%) კორონავირუსებთან შედარებით. მისი თქმით, დღევანდელი ვირუსით ინფიცირების შემთხვევების 82% მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. შემთხვევების უმრავლესობა კი მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით საქართველოში გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციის მიმართვიანობის რიცხვი 100 000 მოსახლეზე წინა კვირასთან (161) შედარებით 141-მდეა შემცირებული. ასევე მცირდება მწვავე რესპირატორული დაავადებების მიმართვიანობაც.
ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში და სხვა მაღალინფიცირებულ ქვეყნებში მოგზაურობისაგან თავის შეკავებისკენ.
გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით მოგზაურობისაგან თავი უნდა შეიკავონ ქრონიკული დაავადებების მატარებელმა ადამიანებმა, ვიდაიდან მისი თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილთა 80% იყო 60 წელს გადაცილებული ან ატარებდა თანმხლებ ქრონიკულ დაავადებას.
საბოლოოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას იმ წესებისა და რეკომენდაციების განსაკუთრებული გულმოდგინებით დაცვისაკენ, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში გაზრდილია და მისი თქმით, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. რეკომენდაციებს შორის არის: პირადი ჰიგიენის დაცვა, თავის არიდება ხალხმრავალი ადგილებისგან, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი პირი ატარებს რესპირატორული დაავადებების კლინიკურ ნიშნებს, აუცილებელია ასეთ ადგილებში მოხვედრის შემთხვევაში მან გამოიყენოს პირბადე. რაც მთავარია, პირველივე სიმპტომების (მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი) აღმოჩენის შემთხვევაში პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასევე გვირჩევს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში, ან სხვა მაღალინფიცირებულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის ქონის შემთხვევაში, მივმართოთ ინფექციურ საავადმყოფოებს.
გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ოთხი ინფექციური საავადმყოფოა გამოყოფილი: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, სადაც მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებულ პირებს აღმოუჩენენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას, მათ შორის დიაგნოსტიკას და შესაბამის მკურნალობას.
„ძალიან გთხოვ პანიკას ნუ მივეცემით, მაგრამ გაფრთხილებთ რისკი მომატებულია ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც. ამიტომ სულყველას ერთად მეტი მზადყოფნა გვმართებს“,-განაცხადა გამყრელიძემ.