„გვსურს გამოვხატოთ პროტესტი ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც არის დასჯაზე ორიენტირებული და ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, – მთავრობის ადმინისტრაციასთან სათემო ორგანიზაციებმა – „რუბიკონი”, „ფენიქსი”, „ახალი ვექტორი” – აქცია გამართეს და „Support don’t Punish” – ,,მზრუნველობა დასჯის ნაცვლად” გლობალურ საადვოკაციო კამპანიას შეუერთდნენ.
„დღევანდელი დღის მიზანი არის ის, რომ ვებრძოლოთ პრობლემას, რასაც ჰქვია ნარკოტიკები და ზრუნვის ხელი გავუწოდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, რათა მათ შეძლონ რესოციალიზაცია, დაუბრუნდნენ სოციუმს“, – განაცხადა აქციაზე კოტე რუხაძემ, ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ წევრმა.
„ხელისუფლება დღესაც ვერ ელევა ძალადობრივ იარაღს, რომელიც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ფარგლებში ადამიანის საწინააღმდეგ არის გამოყენებული და სამწუხაროა, რომ, ნაკლებად, მაგრამ გრძელდება ეს პოლიტიკა, ეს დამოკიდებულება… სანამ ერთი ადმიანიც კი უსამართლო სასჯელს იხდის ციხეში, ჩვენ შევიკრიბებით, 2-3 ადამიანიც რომ დავრჩეთ, მაინც გავაპროტესტებთ ამ უსამართლობას, რომელსაც დღეს ეს ხელისუფლება აგრძელებს საკუთარი მოქალაქეეების მიმართ“, – ამბობს კოკა ლაბარტყავა, „ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელი.