სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც მოიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმის, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის, აგრეთვე, მედიასა და სახელმწიფო უწყებებში მიმდინარე პროცესების შეფასებას.
დოკუმენტის ერთ-ერთ თავში საუბარია პროექტებზე, რომლებიც, თვითმმართველობის არჩევნებამდე, სავარაუდოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგებად დაანონსდა და განხორციელდა.
„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მიეწოდებოდეს აუცილებელი საჯარო სერვისები, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული არ გამოიყენებოდეს პარტიული ინტერესებისთვის. ტრადიციისამებრ, ასეთი პროექტების დაანონსება/შესრულება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას ემთხვევა, რაც საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება და უთანაბრო პირობებში აყენებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს“, – წერს ISFED.
ორგანიზაცია ასეთ პროექტებად აფასებს:
-
26 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტისთვის 500 მილიონი ლარის დახარჯვა დააანონსა.
შესაბამისი პროექტების ფარგლებში, სამუშაოები ივნისიდან დაიწყება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე, რეკრეაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, საზოგადოებრივი ზონები შექმნასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას მოიცავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ პროექტი უპრეცედენტო მასშტაბის რეგიონების განვითარების განახლების პროგრამაა, რომლის მსგავსი ქვეყანაში აქამდე არ განხორციელებულა. ამ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 15 000 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
-
აქტუალურია სოციალური დახმარებისა და ხელფასების ზრდის საკითხი. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ გაიზრდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი იქნება.
ასევე, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა და იგი 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პარლამენტის 8 ივნისის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა, რომ იგეგმება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასის ზრდა, რადგან იქ დაბალი ხელფასია.
-
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას შეძლებენ შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პენსიონერები, მასწავლებლები, სტუდენტები, სკოლის მანდატურები, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები.
-
17 მაისს ფინანსთა მინისტრმა გამოაცხადა ჯარიმების/საურავების პატიების შესახებ ინიციატივა, რომელიც ერთჯერადია და გადამხდელებისათვის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევას უკავშირდება.
კერძოდ, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.
-
თბილისის მერმა ბავშვთა დაბადების დღის გასართობი ცენტრებისათვის 5-5 ათასი ლარით დახმარება დააანონსა.
-
29 აპრილს გავრცელებული განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 400 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შეუსყიდის. აღსანიშნავია, რომ, პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.
-
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ხულოში, სოფელ წაბლანაში, მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მეწყრის შედეგების სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში აშენებული სახლების რემონტის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ, ხუთიათასლარიანი კომპენსაციის დარიგებას აპირებს.
-
ზუგდიდის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 942 700 ლარით გაიზარდა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით და ეს ფული ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
-
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის დამატებით 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 85 აგრეთვე, ქალაქში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 8.3 მილიონი ლარია. სპორტკომპლექსების მშენებლობა დაიწყო ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდშიც.
-
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ყვარელში უფასო სამედიცო გამოკვლევების შესახებ.
-
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ნუკრიანის სკოლის პედაგოგები მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტრანსპორტით წაიყვანეს უფასო გამოკვლევებზე სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნოდ, პედაგოგების გულის მოსაგებად სამედიცინო აქციების გამართვა გავრცელებული პრაქტიკაა. „ვივამედი“ „ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალთან” ერთად ახორციელებს სხვადასხვა სამედიცინო აქციას. მსგავსი აქციები „სამართლიანი არჩევნების“ გასული წლის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშშიც მოხვდა.
-
10 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში თვალის კლინიკა „ოფთალმიჯის“ მედიკოსებმა უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ, „სამართლიან არჩევნებთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად მათ, ადმინისტრაციული შენობაზე გაკრული განცხადების გარდა, საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქგვერდი გამოიყენეს. მისი თქმით, აქამდე კლინიკა მისი პირადი კონტაქტებით ჩადიოდა მუნიციპალიტეტში, ახლა კი თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ირაკლი ქადაგიშვილმა, მათთან ოფიციალური მემორანდუმი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კლინიკა „ოფთალმიჯსა” და გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შორისაც გაფორმდა.
-
სამედიცინო დახმარების აქცია საქართველოს პარლამენტში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის ეგიდითაც განხორციელდა.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 აპრილს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარის ბიუროს ეგიდით და “ქართული ოცნება ჯანმრთელი – მომავლის“ ხელშეწყობით, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტალური კვლევები ჩაუტარდათ „ვივა მედის” კლინიკაში. მაჟორიტარის მიერვე გავრცელებულ ფოტოებზე, ექიმთან, ჩანს „ქართული ოცნების“ დროშა.
„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, საარჩევნო პერიოდში მსგავსი ტიპის აქციები, მათ შორის უფასო სამედიცინო დახმარებები, სურსათისა და მედიკამენტების გადაცემა, სოციალური დახმარების გაზრდა და ა. შ. გამიზნულია ამომრჩევლელთა გულის მოსაგებად. მათივე თქმით, პრობლემურია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მასშტაბური აქციების გახორციელება იმ პირობებში, როცა მეტად მკრთალია, ან საერთოდ წაშლილია ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელწმიფოს შორის.