მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ირაკლი ჩიქოვანმა.
“საგანგებო რეჟიმი გამოცხადებულია მხოლოდ 48 საათია. თავიდან მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებული სირთულეები იყო და ახლა ეს ყველაფერი აღმოფხვრილია. სრულად არის უზრუნველყოფილი მოსახლეობის იზოლაცია და სიტუაცია ორივე რაიონში მშვიდია. აქვე მინდა მთავრობის სახელით გადავუხადო მადლობა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, რადგან ეს შეზღუდვები აუცილებელია თითოეული მათგანისთვის და მთლიანად მოსახლეობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ადგილობრივი თვიმმართველობისა და მედიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა სამედიცინო პროტოკოლების გათვალისწინებით უკვე მოინახულეს მუნციპალიტეტში მცხოვრები 20, 000 ადამიანი. 20, 000 ადამიანიდან 25-ს დაუფიქსირდა სიცხე. საყურადღებო იყო ორი. ისინი მოთავსებული არიან საავადმყოფოში მარნეულში.
მისივე თქმით, სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ არსებობს. შესაძლოა გუშინ იყო მცირე ზომის მაღაზიების მომარაგების პრობლემა, თუმცა ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს პრობლემა დღეს აღმოფხვრილია.
მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.