დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სხდომაზე წარმოდგენილია ეროვნული ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული ლანდშაფტის განვითარების გეგმა.
როგორც კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება ეროვნული ბაღის სწორად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„მთავრობის სხდომაზე საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტარატეგიული გეგმა დამტკიცდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პრინციპებს და, ამავდროულად, ბოტანიკურ ბაღს აძლევს ახალ შესაძლებლობას, თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცადებით, დოკუმენტის მომზადებაში ჩართული იყო ბრიტანული კომპანია Chris Blandford Associates, რომელსაც, მისი თქმით, დიდი გამოცდილება აქვს მსგავს დოკუმენტებზე მუშაობის.
„მსგავსი დოკუმენტი აქამდე არ დამტკიცებულა, ეს პირველად ხდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო დოკუმენტის მომზადებაში. აქტიურად გვეხმარებოდა ბრიტანული კომპანია Chris Blandford Associates (CBA), რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ასეთ დოკუმენტებზე მუშაობის. ზოგადად, ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მისი სწორად განვითარება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.