მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანის ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. ასევე ახსენა ანაკლიის პორტი და დევნილთა განსახლების თემაზე მთავრობის გეგმები, თუმცა 11-წუთიან გამოსვლაში არაფერი უთქვამს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებებზე.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას. კომისია იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს. ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
2 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
——————
შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 2 მარტს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრაზე შედგა 6-პუნქტიანი დოკუმენტი, სადაც მხარეებს შორის განსახილველი საკითხებია ჩამოთვლილი. ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, აღნიშნულ საკითხებზე პროგრესის მისაღწევად მხარეებს ორკვირიანი ვადა აქვთ, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს 16 მარტს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული საკითხების გარშემო მიღწეულ პროგრესზე საუბარი ევროპელ მეგობრებთან მოუწევს.