მთავრობის სტრატკომის ყოფილი უფროსის თქმით, გვერდ Gakharia & Media-ს ძმასთან ერთად მართავს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გაბრიელ წულაია Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, რომ გვერდი, სახელწოდებით Bidzina Ivanishvili & Media, ძმასთან ერთად 2011 წელს შექმნა და სანამ საჯარო სამსახურში იყო, გვერდს მისი ძმა, ირაკლი წულაია მართავდა.

„აღნიშნული გვერდი, რომელიც არ იყო ოფიციალური, არამედ, ჩვეულებრივი მხარდამჭერთა გვერდი იყო, მე და ჩემმა ძმამ, ირაკლი წულაიამ ჯერ კიდევ ქართული ოცნების დაფუძნებამდე, 2011 წლის ოქტომბერში შევქმენით“, – აღნიშნავს წულაია.

წულაიას თქმით, გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობის დატოვების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაცია მანაც დატოვა:

„გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომისთანავე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. ამიტომ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ღიად, სწორედ ჩემი შეხედულებების შესაბამისად, ჩემს ძმასთან ერთად, გავაგრძელებ აღნიშნული გვერდის მართვას“, – აღნიშნა წულაიამ.

წულაია დეზინფორმაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ თითქოს მისი საჯარო სამსახურში მუშაობისას მართავდა აღნიშნულ გვერდს. მისივე მტკიცებით, ამ პერიოდში მხარდამჭერ გვერდს მისი ძმა მართავდა.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირების არაერთი მცდელობისა, მომხდარიყო გვერდის „დარეპორტება“, გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მხარდამჭერთა გვერდი მუშაობს სოცქსელის ყველა სტანდარტისა და წესის დაცვით, ფეისბუქის მხრიდან მისი მუშაობა არასოდეს შეფერხებულა“, – აღნიშნავს წულაია.


გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) გამოეხმაურა ცნობილი Facebook-გვერდისთვის Bidzina Ivanishvili & Media-ის სახელის გადაკეთებას  Gakharia & Media-ად. ორგანიზაციის თქმით, ფეისბუქ-გვერდი Bidzina Ivanishvili & Media 2011 წელს იყო შექმნილი გაბრიელ წულაიას მიერ, რომელიც საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

„Bidzina Ivanishvili& media „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი არაა და ის შეიძლება იყოს პარტიის მხარდამჭერთა მიერ შექმნილი გვერდი”, – ასე უპასუხა გუშინ „ქართული ოცნების“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გვერდთან დაკავშირებით „პუბლიკას“ კითხვას.