პარლამენტის დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ დააინიციირეს პროექტი რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დაარღვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მასზე სანქციები გავრცელდება. დღეს მოქმედი რეგლამენტით აღნიშნული ვრცელდება თანამდებობის პირებზე, გარდა მთავრობის წევრებისა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ რეგლამენტის მოქმედი რედაქციის თანახმად, სანქციები თანამდებობის პირებისთვის გათვალისწინებულია შემდეგ შემთხვევაში:
- ის მოწვეულია პარლამენტში საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;
- არღვევს პარლამენტის წევრის კითხვაზე/შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;
- პარლამენტს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;
- არ ასრულებს პარლამენტის დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;
- დაბრკოლებებს უქმნის პარლამენტის წევრს რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში.
რეგლამენტში ასევე გათვალისწინებულია, რომ თუ თანამდებობის პირი (გარდა მთავრობის წევრისა) დაარღვევს ზემოთ მოყვანილ პუნქტს, პარლამენტი მის მიმართ იყენებს რეაგირების შემდეგ ფორმებს:
- იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად;
- სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.
ინიციატორები მოითხოვენ, რომ ზემოთ მოყვანილი რეაგირების ფორმა გავრცელდეს მთავრობის წევრებზეც.
„ხშირია შემთხვევები როცა საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ, შესაბამისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს მთავრობის წევრის მიმართ პარლამენტის წევრის კითხვით მიმართვის შემთხვევაში, კითხვის ადრესატი დაგვიანებით ან საერთოდ არ პასუხობს დეპუტატის კითხვას. ამ შემთხვევაში ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლითა და პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლით გათვალისწინებული წესი, რომლის თანახმადაც, სავალდებულოა კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა. მიუხედავად სანქციების არგავრცელებისა, რეგლამენტი, ისევე როგორც კონსტიტუცია, მოითხოვს, რომ მთავრობის წევრმა დაიცვას რეგლამენტის 226-ე მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ბიუროზე 29 მაისს დარეგისტრირდა.