პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ოლიგარქი შეიძლება ეწოდოს დავით კეზერაშვილს, რადგან ჩანს, რომ ის აფინანსებს პარტიებს, პოლიტიკოსებს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. შესაბამისად, მას აქვს გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე. ბიძინა ივანიშვილი კი, არც მმართველი გუნდის საქმიანობაში ერევა და არც მათ პარტიას აფინანსებს.
კობახიძის თქმით, მათ ივანიშვლისგან „არც ერთი თეთრი არ აუღიათ“ და ეს არც სჭირდებათ, რადგან „ქართული ოცნება“ თვითკმარი პარტიაა. ამის შესახებ კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ ვიტვყვი, რომ ჩვენ მისგან არათუ არ აგვიღია არც ერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება, ჩვენ ვართ თვითკმარი…
ჩვენ ვართ თვითკმარი, ჩვენ გვყოფნის აბსოლუტურად როგორც საარჩევნო, ისე, მით უმეტეს, არასაარჩევნო პერიოდში ის რესურსები, რომლებსაც ვიღებთ შემოწირულობების გზით. არც ერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია.
ეს რომ ასე არ იყოს, გამოჩნდებოდა, კეზერაშვილი რომ აფინანსებს ვიღაცებს და რაღაცებს, ეს ძალიან მარტივად ჩანს და ეს ფაქტები გამოდის შემდეგ საზოგადოების წინაშე. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები, აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა შეიძლებოდა იგულისხმებოდეს ამ გავლენაში“, – განაცხადა კობახიძემ.