ხოაკინ ფენიქსმა ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე Joker-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში „ოსკარი“ მიიღო. მსახიობის სამადლობელი სიტყვა ემოციური იყო. გთავაზობთ ხოაკინ ფენიქსის გამოსვლის ტექსტს:
„ღმერთო, ამ წამს ძალიან დიდ მადლიერებას განვიცდი. საერთოდ არ გვრძნობ თავს უპირატესად სხვა ნომინირებულ მსახიობებთან და აქ მყოფ ადამიანებთან შედარებით, რადგან ჩვენ ყველანი ვიზიარებთ კინოს სიყვარულს.
გამოხატვის ამ ფორმამ მომანიჭა ღირსშესანიშნავი ცხოვრება. არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი ამის გარეშე. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის და აქ მყოფი ადამიანებისთვის არის შესაძლებლობა, ხმა ავიმაღლოთ მათთვის, ვისი ხმაც არ ისმის.
მუდამ მაფიქრებს ის სამწუხარო პრობლემები, რომლისთვისაც თვალის გასწორება გვიწევს. ხანდახან შეიძლება ვიფიქროთ, რომ სხვადასხვა მიზნისთვის ვიბრძვით. თუმცა მათში მე მხოლოდ მსგავსებებს ვხედავ. არ აქვს მნიშვნელობა გენდერულ უთანასწორობაზე ვისაუბრებთ, რასიზმზე, ლგბტ უფლებებზე, ფუნდამენტურ უფლებებსა თუ ცხოველთა უფლებებზე, ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვიბრძვით იმ რწმენის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ერთ ერს, ერთ ხალხს, ერთ რასას, ერთ სქესს ან ერთ სახეობას უფლება აქვს დაუსჯელად ბატონობდეს, აკონტროლებდეს, იყენებდეს ან ჩაგრავდეს მეორეს.
ჩვენ გვეშინია პიროვნული ცვლილების, რადგან გვგონია, რომ მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, თუმცა ადამიანები უზომოდ შემოქმედებითი, კრეატიული და გონებამახვილნი არიან და ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ სიყვარულსა და თანაგრძნობას სახელმძღვანელო პრინციპად გამოვიყენებთ, შევძლებთ ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება ყველა მოწყვლადი არსებისა და გარემოსთვის.
მთელი ცხოვრება ნაძირალა ვიყავი, ეგოისტი, ხანდახან სასტიკი. ჩემთან მუშაობა ძალიან რთული იყო. უზომოდ მადლიერი ვარ, რომ ძალიან ბევრმა თქვენგანმა მეორე შანსი მომცა. მგონია, რომ ამაში ვართ საუკეთესონი – ერთმანეთის მხარდაჭერაში და არა წარსული შეცდომების გამო ერთმანეთის გარიყვაში, როდესაც ერთმანეთის გაზრდას ვუწყობთ ხელს, როდესაც ერთმანეთს ვასწავლით, როდესაც ერთმანეთს გზას ვუკვალავთ სინანულისკენ. ეს არის კაცობრიობის საუკეთესო სახე. ჩემმა ძმამ 17 წლის ასაკში ეს ტექსტი დაწერა: „გაიქეცი საშველად სიყვარულით და მშვიდობაც მოვა“.