მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან და ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს, ვუსამძიმრებ - ვოლსკი

პუბლიკა

ადამიანები, ვინც ამ ბრალდებებს წარმოთქვამენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები და სამოქალაქო პირების ბრძოლის ველზე მიატოვა და დიდი რაოდენობით ის ადამიანები, ვინც იმ რეზოლუციაზე ხელმოწერას ამართლებდა, რომელშიც საქართველო დადანაშაულებული იყო საომარი მოქმედებების დაწყებაში, – ასე უპასუხა გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE-ის“ ეთერში კრიტიკას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს არ მიუსამძიმრეს.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. არ მეგულება არავინ – არც ხელისუფლებაში, არც მის მხარდამჭერებში, ვინც [არ განიცდის]. მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რასაკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ [მათ]. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მე პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, რაღაცნაირად გვბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის პოლიტიკური რაკურსით წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

3 დეკემბერს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.