მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას - სუს-ი ზაზა გახელაძის პატიმრობაზე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ოკუპირებული ცხინვალის, ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობის მისჯას ეხმაურება.

„აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და მისი უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე“, – აღნიშნავს სუს-ი გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, ზაზა გახელაძის მიმართ საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.

„ოკუპირებული ცხინვალის, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

„ერთობლივი ძალისხმევით კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.

მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძეს 322-ე მუხლითაც ედავებიან, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.