ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხს ორი მხარე აქვს და სამედიცინოსთან ერთად უსაფრთხოებაც უნდა გაითვალისწინონ.
„ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები. საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო, ისე უსაფრთხოების მხარე. ორივე მხარე თანაბრად გასათვალისწინებელია.
რაც შეეხება უსაფრთხოებისა და პოლიტიკის ნაწილს. ცდილობენა საზოგადოებაში შექმნან აღქმა, რომ თითქოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით ეს რაღაც სპექტაკლი და უბედურება დასრულდება, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ მთელი უბედურება დაიწყება გადაყვანის დღიდან. ეს არის პოლიტიკური მხარე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
სერიოზული რისკია და გვესმის, რომ მათი მხრიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის მიღმა კონკრეტული მიზანი დგას – კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან შანსი მისი გათავისუფლების. ეს პოლიტიკური ძალა ყველაფრის მკადრებელია. ისინი ყველაფერზე წავლნენ. სისხლისღვრის ჩათვლით.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა, შიმშილობს. ის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაშია. 18 ნოემბერს მან გონება დაკარგა. ექიმი რეანიმატოლოგის განმარტებით, იყო სინკოპეს ეპიზოდი და ხანმოკლე რეანიმაციული ღონისძიების შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. სააკაშვილი შიმშილობას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აგრძელებს.
შიმშილობს პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. 19 ნოემბერს ხოშტარიამ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობის რეჟიმი გაამკაცრა და უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე. სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ პარლამენტარები თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში. შიმშილობენ საკრებულოს წევრები ზუგდიდსა და რუსთავში.
ომბუდსმენის მიერ დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფის შეფასებით, სააკაშვილის გადაყვანა საჭიროა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, სადაც ის გაივლის ინტენსიურ თერაპიას. მმართველი გუნდი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს პენიტენციურის ექიმთა ჯგუფი და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში.