მტერი დიდ საფასურს გადაიხდის - ნეთანიაჰუ

პუბლიკა

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველი განცხადება გაავრცელა. ნეთანიაჰუს თქმით, ეს არ ყოფილა უბრალო თავდასხმა და ისინი ომში ჩაებნენ, რომელსაც მისი თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს. „მტერს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, ისეთის, როგორიც არასდროს გადაუხდია“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მტერმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა ისრაელის წინააღმდეგ ომის წამოწყებით. მისი თქმით, ისრაელის არმიამ, „ცახალმა“ წამოიწყო საპასუხო მოქმედებები ღაზის სექტორის მიმართულებით და ისრაელელი ჯარისკაცები მტერს ყველა წერტილში ებრძვიან.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ომისთვის მოსამზადებელი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, დაიწყეს რეზერვისტების მობილიზებაც. „ათასობით რეზერვისტი იქნება გამოძახებული“, – აცხადებენ სამინისტროში.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო ძალებმა უკვე მიიტანეს იერიში და „ჰამასის“ ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.

ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები დაღუპული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელის სამხრეთ ქალაქებში 100-ზე მეტი დაჭრილი და დაშავებული შეიყვანეს, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა რაოდენობა, თუმცა ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს პალესტინელების მიერ განადგურებული და ხელში ჩაგდებული სამხედრო ტექნიკა, ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრები და დატყვევებული სამხედროები.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჰამასმა“ მათ წინააღმდეგ 2 500-მდე რაკეტა ისროლა, რომელთა უმეტესობის განადგურებაც შეძლეს. თავად „ჰამასის“ სამხედრო მეთაური კი აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ 5 000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

„ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმას ოპერაცია „ალ-აკსას წარღვნა“ დაარქვა და მოუწოდა როგორც ისრაელში, ისე მის მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ არაბებს, რომ ჩაერთონ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი ისრაელს პალესტინელების შევიწროებაში ადანაშაულებენ, მათ შორის, მათთვის წმინდა ადგილას ალ-აკსას მეჩეთში.

„ჰამასის“ მოქმედებები მოიწონა ირანის მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“, მათი განცხადებით ეს არის გაფრთხილება არაბული ქვეყნების მიმართაც, რომლებმაც ისრაელთან ურთიერთობის დათბობა დაიწყეს. „ჰეზბოლას“ განცხადებით, სამხედრო წინააღმდეგობა ერთადერთი გზაა ისრაელის „აგრესიის“ წინააღმდეგ.