„მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას” – ასე პასუხობს „ქართული ოცნების” თავმჯდომარე შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი.
მისი თქმით, ამგვარ შეკითხვებზე ერთი სიტყვით პასუხის გაცემა რთულია და ამ დროს ანალიზია საჭირო.
„მტრის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები, მეორე გაგებაა, რომ გაქვს ორგანული დაპირისპირება, მესამე გაგება არის რაღაც კიდევ და ა.შ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერი არის თუ არ არის, მოყვარეა, მეგობარია თუ ბიძაშვილია. არ არის მარტივი კითხვა, რადგან არის რაღაც მარტივი კლიშეები, შაბლონები, ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე, ამიტომ არ არის მარტივი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვუპასუხოთ რაღაცებს არა მარტივი პასუხებით და ტერმინებით, არამედ ანალიზით. იმიტომ, რომ მარტივია ისეთი კითხვების დასმა, რაც შენ არასწორი პასუხის შემთხვევაში მიგიყვანს მეორე ფრონტამდე,”- განაცხადა კობახიძემ.
დამატებით შეკითხვაზე, რატომ ვერ ამბობს, საქართველოს მტერია თუ არა რუსეთი, პასუხობს – „რატომ არ ვისვრით ახლა?”.
„რატომ არ ვისვრით ახლა? – მარტივი კითხვა ეს იმიტომ არ არის, რომ მტერს აქვს ბევრი გაგება და არიან საქართველოში პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ჩვენ საქართველოში გვქონდეს სრულფასოვანი მტრობა, რაშიც იგულისხმება საომარ კონფლიქტში შესვლა”, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, თუ მტერს არა, რას უწოდებს რუსეთს, კობახიძე პასუხობს, რომ რაღაცებზე ერთი სიტყვით პასუხის გაცემა არასწორია.
„მე არ მითქვამს, რომ რაღაცას ვუწოდებ და არც ის, რომ რაღაცას არ ვუწოდებ, ერთი სიტყვით რაღაცებზე პასუხის გაცემა არასწორია, მით უმეტეს, როცა ასეთი რიტორიკის უკან დგას კონკრეტული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი”,- განაცხადა კობახიძემ.