მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის დასრულება მაისში იგეგმება - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძეზე“, რომელიც ერთი წლის წინ უნდა გახსნილიყო, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მაისში იგეგმება. მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარს შეადგენს, ამ ეტაპზე კი ღია ბაქნის გადახურვის სამუშაოები და ბაქნის ფილების სადემონტაჟო
პროცესი მიმდინარეობს.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული განახლებისა და რეაბილიტაციის ფარგლებში, გათვალისწინებულია სადგურის ინტერიერისა და ექსტერიერის განახლება, ხოლო რეკონსტრუქციის ნაწილში – მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვის მოწყობა და გამაგრების სამუშაოები. კერძოდ, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის, როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები“, – აცხადებს მერია.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წლის 18 ივნისს გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – საქართველოში უცხოური საწარმო შპს „კაიზენის“ ფილიალთან, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამის გამო 2021 წლის 13 სექტემბერს შპს „კაიზენთან“ შეწყდა ხელშეკრულება.

მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ კომპანიას შესაბამისი საჯარიმო სანქციებიც დაეკისრა, თუმცა ჯარიმის ოდენობა მითითებული არ არის.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №169.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რემონტი და რეკონსტრუქცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოები მოიცავდა ინტერიერისა და ექსტერიერის განახლებას, ასევე მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის გადახურვას. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის“ ფილიალი ასრულებდა. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 3 478 328 ლარს შეადგენდა.