მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი | 30 სექტემბერი

პუბლიკა

29 სექტემბრის ღამის ეთერებსა და 30 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მედიასთან ისაუბრა როგორც სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. შესაბამისად, მედიაში კონფლიქტის განახლების მეოთხე დღე მათი პოზიციებით იწყება.

ალიევისა და ფაშინიანის პოზიციები

რუსული გამოცემა „რიას“ მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პირველ არხთან განაცხადა, რომ თავად მზადაა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მსგავს დამოკიდებულებას ვერ ხედავს სომხეთის მხრიდან.

„ჩვენ გამოვხატავთ მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას, მაგრამ სომხეთის მხრიდან სრულიად საპირისპირო მოქმედებებს ვხედავთ“, – განაცხადა ალიევმა რუსეთის პირველ არხთან.

ნიკოლ ფაშინიანმა კი რუსეთის პირველ არხთან განაცხადა, რომ მზადაა განაგრძოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები. თუმცა, ფაშინიანი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში საჭიროა შეყწდეს სამხედრო მოქმედებები და აზერბაიჯანმა გაიაზროს, ყარაბაღის კონფლიქტს სამხედრო გზით ვერ გადაჭრის.

„მოლაპარაკების პროცეში უნდა განახლდეს იმ პლატფორმაზე, სადაც დაიწყო – ეუთოს მინსკის ჯგუფში“, – თქვა რუსეთის პირველი არხის ეთერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა მედიასთან კონფლიქტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა. მათ შორის, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ყარაბაღში სამშვიდობო ძალების განლაგების საჭიროებას ვერ ხედავს. „სომხეთი უზრუნველყოფს თავისთავის დაცვას“, – თქვა ფაშინიანმა. ამასთანავე, სომხეთის პრემიერის თქმით, სომხეთმა შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს, სომხეთი კი მინსკის ჯუგფთან ერთად ან მის გარეშე რეგიონში გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ფაშინიანმა ისაუბრა კონფლიქტში რუსეთის შესაძლო ჩართულობაზეც. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს ამის საჭიროება, მათ შორის, სომხეთში განლაგებული რუსული ბაზის გამოყენებისა. თუმცა, თუკი საჭიროება იქნება, სომხეთს რუსეთის ჩართვაც შეუძლია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

დღეს ალიევმა ასევე განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს“. ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბაქო ყარაბაღის ოპერაციას არ დაასრულებს მანამ, სანამ რეგიონს არ დატოვებენ სომეხი სამხედროები.

ასევე, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა დაიკავა სტრატეგიული სიმაღლეებისა და დასახლებების ნაწილი, სადაც აღმართა აზერბაიჯანული დროშა და ამ ტერიტორიას აღარ დატოვებს.

ვითარება ფრონტზე

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის სამხედრო საჰაერო ძალებს თურქული გამანადგურებლები ეხმარებიან. ერევანმა გაავრცელა გუშინ ჩამოვარდნილი Su-25-ის ფოტო და მისი პილოტის ვინაობა.

ბაქო კი კვლავ კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანში თურქული ტექნიკისა და სამხედროების ყოფნას. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხებმა ორი Su-25 დაკარგეს, თუმცა აზერბაიჯანელებს არც ერთი მათგანი არ ჩამოუგდიათ და ორივე მათგანმა ავიაკატასტროფა განიცადა.

თუმცა, აზერბაიჯანის მტკიცებით, მათ გაანადგურეს სომხეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-300-ები, რომლებიც ერევანმა ყარაბაღში განალაგა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრებიც, სადაც უპილოტო საფრენ აპარატებს სომხურ ტანკებზე, არტილერიასა და ჯავშანმანქანებზე მიაქვთ იერიში.

დღეს, აზერბაიჯანის გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტალიშის მიმართულებით გაანადგურეს სომხეთის ორი მოტომსროლელი ბატალიონის პოზიციები, ასევე გაანადგურეს სარეზერვო ძალები, რომლებიც ფრონტისკენ მიემართებოდნენ.

დღის მეორე ნახევარში ბაქომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა დღეს გამოიყენა ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი „ტოჩკა – უ“, რომელიც შორსმსროლელი, მძიმე არტილერიის რანგში გადის.

თავის მხრივ, სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის მიყენებულ დანაკარგებზე ავრცელებს ინფორმაციას ერევანი. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მათ გაანადგურეს აზერბაიჯანული საარტილერიო დანადგარი – TOS-1A, ასევე გაავრცელეს კადრები, როგორ იყენებენ „ფაგოტის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს.

დღის მეორე ნახევარში თურქულ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ვარდება თვითმფრინავი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოგდებული თვითმფრინავი სომხური იყო, მისმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა აიყვანეს ტყვედ.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აზერბაიჯანის დაბომბვას დღეს კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.