ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღის ომში დაზარალებულებს დაეხმარება.
სახელმწიფო დერპატამენტის განცხადებით, აშშ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა ჰუმანიტარული მისიებისთვის დამატებით 5 მილიონ დოლარს გამოყოფს. რაც სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ამ ფინანსური წლის დახმარებას 10 მილიონამდე გაზრდის.
„სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მხარდაჭერა მიმართულია კონფლიქტით დაზარალებულთათვის საკვებით, ჯანდაცვის სერვისებით, თავშესაფრებით და სხვა საბაზისო საჭიროებებით დახმარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის ხელისუფლება მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც ჩაერთონ ომით დაზარალებულთა დასახმარებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი მინსკის ჯგუფში გააგრძელებენ მუშაობას ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად და მოუწოდებს მხარეებს, განაახლონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
დღეს ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკელი და ფრანგი დიპლომატები რუსი კოლეგების მიწვევით ყარაბაღის საკითხზე სასაუბროდ მოსკოვში შეიკრიბებიან.