მთიანი ყარაბაღის შემდეგ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია სომხეთშიც გამოცხადდა

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სომხეთში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდეს.

„მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ პერსონალს, გამოცხადდნენ თავიანთ რეგიონულ კომისარიატებში. სამშობლოს გულისთვის. გამარჯვებისთვის“, – წერს ფაშინიანი Facebook-ზე.

აზერბაიჯანის მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც. ალიევის თქმით, კონფლიქტში დამნაშავე სომხეთია, რომელსაც მიტაცებული აქვს აზერბაიჯანის მიწები და კიდევ უფრო მეტის ოკუპაცია სურს.

„აზერბაიჯანს არანაირი პროვოკაცია არ მოუწყია. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით. დღეს აზერბაიჯანის არმია აზერბაიჯანის მიწაზე ანადგურებს მტერს“, – განაცხადა ალიევმა.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საატძე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

დღეს დილას დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და სამხედრო ვერტმფრენი, ასევე გაანადგურეს რამდენიმე ტანკი. უწყება 2 აზერბაიჯანული ტანკის აფეთქების ვიდეოსაც ავრცელებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათაც არაერთი სომხური სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.