მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანთან ბრძოლა შეწყვიტა

პუბლიკა

მთიანი ყარაბაღის (არცახის) თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა. სტეპანაკერტში აცხადებენ, რომ 13:00 საათიდან მათი შეიარაღებული ძალები სამხედრო მოქმედებებს წყვეტს.

თვითაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრის და პოზიციებიდან გაიყვანს მძიმე შეიარაღებას „უტილიზაციის მიზნით“. შეთანხმებაში ასევე საუბარია, რომ მთიანი ყარაბაღიდან გავლენ იქ დარჩენილი „სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები“.

21 სექტემბერს ევლახში მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლების წევრებს შეხვდებიან მოლაპარაკებისთვის.

არცახის მხარე აცხადებს, რომ მოლაპარაკება აზერბაიჯანის მოთხოვნისამებრ წარიმართება, რაც ყარაბაღელი სომხების აზერბაიჯანში უსაფრთხო ინტეგრაციასა და მათი უფლებების დაცვას შეეხება.

„19 სექტემბრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო არცახის რესპუბლიკის საკონტაქტო ხაზზე არტილერიისა და საჰაერო იერიშების გამოყენებით…

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოქმედებები აჩვენებს, რომ მათი მიზანია არცახის დაყოფა, რაც გამოიწვევს მის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დაზიანებას. ორდღიანი თავგანწირული ბრძოლის განმავლობაში, არცახის შეიარაღებული ძალები გმირულად იცავდნენ მიწას მტრისგან, რომელიც რამდენჯერმე აღმატებულია თავისი შემადგენლობითა და შეიარაღებით. ამ ბრძოლაში მათ მტერს მიაყენეს დიდი ზიანი.

საუბედუროდ, არცახის მხარესაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, ზოგიერთ ადგილას კი მტერმა შეძლო ჩვენი თავდაცვითი პოზიციების გარღვევა, მოიპოვა კონტროლი სტრატეგიულ სიმაღლეებსა და მნიშვნელოვან გზებზე.

მოცემულ სიტუაციაში საერთაშორისო საზოგადოების მოქმედებები არასაკმარისია ომის შესაჩერებლად და კონფლიქტის გადასაწყვეტად.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არცახის რესპუბლიკის ხელისუფლება თანხმდება რუსეთის სამშვიდობო მისიის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია არცახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.