დღეს ჟურნალისტმა და „მთის ამბების” რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა დაწერა, რომ წეროვანთან, ავტობანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული თანამშრომელი დაესხა თავს.
„მთის ამბებმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტზე თავდასხმის ვიდეო – კადრებში ჩანს შავებში ჩაცმული შეიარაღებული პირი, რომელიც იგინება:
„ხარება [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი] ვისაც არ ევასება, იმის დედას შევ**ი […] მიდი, დარეკე, სად რეკავ?”.
გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი მას აგინებდა, ემუქრებოდა და როცა ვიდეოს გადაღება დაიწყო, დაარტყა და ტელეფონის წართმევა სცადა.
„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, – ამბობს გელა მთივლიშვილი.
„პუბლიკა“ ასევე ცდილობს შსს-თან დაკავშირებას. თუმცა, უწყების წარმომადგენელი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.