„მთის ამბების“ ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეს ნომერი მიანიჭა და განმცხადებელს აცნობა, რომ საჩივარს შესაძლებლობისთანავე განიხილავს.
„მთის ამბების“ რედაქტორი ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ედავება.
საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას. დაზარალებულ ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს.
გელა მთივლიშვილი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაშუქების დროს დააკავეს. ის დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.
31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.