მთივლიშვილი: 12 სექტემბრის შემდეგ „ლიბერთი" უცხოეთიდან საგრანტო გადმორიცხვებს გვიბლოკავს

პუბლიკა

„მთის ამბების“ და „საქართველოს ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი თავის Facebook პროფილზე წერს, რომ მიმდინარე წლის 12 სექტემბრიდან „ლიბერთი ბანკი“ საგრანტო გადმორიცხვებს უბლოკავს  ორგანიზაციას, რომელიც ამუშავებს ვებგვერდებს „მთის ამბები“ და „საქართველოს ამბები“.

ორგანიზაცია უკვე 10 წელზე მეტია, ამ ბანკის კლიენტია და ანგარიშებიც, გელა მთივლიშვილის თქმით, მხოლოდ „ლიბერთი ბანკში“ აქვს.

„დაუბლოკავთ ფონდ „ინტერნიუსისის“ ორი მცდელობა, როგორმე საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6400$ ჩვენს ანგარიშზე ჩაერიცხათ.

ყურადღებით ვაკვირდებოდით და „ლიბერთი ბანკმა“ გუშინ ჩვენს ანგარიშზე ასევე არ ასახა ევროკავშირის პროგრამის მიერ, საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის გადმორიცხული გრანტის თანხის ნაწილი“, – წერს მთივლიშვილი.

„მთის ამბების“ და „საქართველოს ამბების” რედაქტორის თქმით, ბანკი ორგანიზაციას ავალდებულებს, წარუდგინონ რიგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

• ანგარიშზე შესრულებული ოპერაციები;
• ჩარიცხვის საფუძველი;
• შესრულებული სამუშაოს აღწერილობა (სად, რა, როდის შესრულდა);
• კონტრაგენტებთან (თანამშრომლებთან და სხვა დაქირავებულ პირებთან) გაფორმებული ხელშეკრულებები.

მთივლიშვილის თქმით, ამ ინფორმაციის წარდგენას „ლიბერთი ბანკი“ 2023 წლის მარტის შემდეგ ითხოვს.

„ამ დოკუმენტების წარდგენას გვავალდებულებენ მარტიდან, ანუ, იმ პერიოდიდან, რაც აქტიურად ვმონაწილეობდით ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ კამპანიაში“,- წერს მთივლიშვილი ფეისბუქზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადმორიცხვების დაბლოკვას, გელა მთივლიშვილი ამას „ქართული ოცნების” ლიდერისა და პარლამენტის თამჯდომარის მხრიდან შოვის ტრაგედიის გაშუქების გამო დაწყებულ თავდასხმებს უკავშირებს.

„ჩვენი მედიაორგანიზაცია სრულიად გამჭვირვალეა და ზედმიწევნით პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული საგადასახადო ორგანოების მიმართ“. – წერს გელა მთივლიშვილი.

„პუბლიკა” ცდილობს, დაუკავშირდეს „ლიბერთი ბანკს”, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.