„მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი, ვითომდა მაფინანსებდნენ, ვაცხადებ შიმშილობას" - დაკავებული რევაზ კიკნაძე

პუბლიკა

აქციების დაკავებულმა მონაწილემ, რევაზ კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო – მის წერილს იზოლატორიდან ადვოკატი ავრცელებს. იქ აღნიშნულია, რომ კიკნაძეს სთხოვდნენ, დაესახელებინა ადამიანები, რომლებიც ვითომდა მას „აფინანსებდნენ” – კონკრეტულად, მისი თქმით, მოსთხოვეს, რომ ჩამოეთვალა ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და ნიკა გვარამიას სახელები.

„ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. ვარ უკანონოდ დაკავებული. მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი. მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად”, – აღნიშნულია წერილში.

მეგობრების ცნობით, კიკნაძე დღეს, 6 დეკემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს – მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა  28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები შეჯამებულად გამოაქვეყნეს. მათი ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი – აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0.