ე.წ. საბოტაჟის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა – დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.
ამ საქმეზე ჯამში ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი – მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ელენე ხოშტარია და ნიკა მელია. ასევე მამუკა ხაზარაძე.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობისას მამუკა ხაზარაძის ადვოკატამ, ზვიად კორძაძემ ყურადღება გაამახვილა წარმოდგენილი მტკიცებულებზე და აღნიშნა, რომ მასში არაა დაკონკრეტებული რომელ ბრალდებულ რა ქმედებაში ედება ბრალი. მან პროკურატურისგან ამ გარემოების დაზუსტება მოითხოვა. აღნიშნა, რომ ვერ ახორციელებს დაცვის უფლებას, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აძლევს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს კონკრეტული.
„იმისთვის, რომ დავიცვათ ბრალდებულები, უნდა ვიცოდეთ, ჩვენთან მიმართებაში რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი სასამართლოში კონკეტულ ბრალდებულთან მიმართებაში…
ბრალის დადგენილებაში ის მაინც უნდა ეწეროს, რომელი მტკიცებულება რას ასახავს და ესეც არ არის წარმოდგენილი.
არცერთი მტკიცებულების იდენტიფიკაცია ბრალის დადგენილებაში არ არის და შესაბამისად ვერ ვახდენთ წარმოდგენილ კონტექსტში იმ მტკიცებულებების იდენტიფიკაციას, რომელიც ეხება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს.საქმეში ისეთი მტკიცებულებებია, რომ აზრი არ აქვს მათი დაუშვებლობის დაყენებას. საერთოდ არ არის შემხებლობაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან.
30 წელია, ადვოკატი ვარ და ასეთი უცნაური საქმე არ მქონია. ჩაყრილია მტკიცებულებები საქმეში და ვის რა [მტკიცებულება] ეხება კაცმა არ იცის.
ბატონო მოსამართლე, ვერც ვაყენებ [შუამდგომლობას] საქმეების გამოყოფაზე იმიტომ, რომ ამ სტადიაზე ამის გაკეთებას არ ითვალისწინებს საპროცესო კოდექსი.
არ შეიძლება ასეთი სახით მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლოში – მე თქვენ მოგიტანთ ამდენ ტომს და მოდი, გაარკვიეთ ვის რა… ჩემი თხოვნაა, მიგვითითოთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ის მტკიცებულებები, რომელიც მას ეხება. დასაშვებობაზე კი არა, შემხებლობა არ აქვს საქმესთან….
75-გვერდიანი ნუსხიდან ვერ ჩვენ ვახდენთ იდენტიფიცირებას, რომელი მტკიცებულება ვის ეხება, გვითხრან…“, – აცხადებს კორძაძე.
ამ პრობლემაზე ისაუბრეს ბრალდებულებმაც. ნიკა გვარამიას თქმით, 40 ტომში ვერ იპოვა ჩანაწერი, რა ქმედების ჩადენა მიიჩნია ბრალდების მხარემ დანაშაულად.
„მოგეხსენებათ, პირველი საქმე არ არის ჩემი და ისეთი საქმე არ არის პირველი, რომელიც ვიცი. მიშას ქონდა საქმეები და ვიცი საოცრებები, ჩემი ყველა საქმე ვიცი არანაკლები საოცრება და ეს საქმე, დედას ვფიცავარ, მართლა ვამბობ, 40 ტომი ხომ არის, მე ვეძებე წინადადება, სადაც ქვემდებარე არის ნიკა გვარამიაა და რომელიმე შემასმენელი ახლავს, ზმნა – იდგა, ამბობდა, ცეკვავდა, ყვიროდა, ისროდა…
ქვემდებარე ნიკა გვარამია ამ შემასმენელით ახორციელებდა დანაშაულს. ბრალის დადგენილებაში არის დისპოზიციური ზმნები, დისპოზიცია რას თვლის დანაშაულად…
მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანის და ეკა გიგაურის დაკითხვა როგორ შევაფასოთ რელევანტურია თუ არა, როცა საერთოდ არ ვიცით, რასთანაა კავშირში. საბოტაჟთან რა კავშირშია, თუ ასეთი არსებობს საერთოდ…
წინა ორ საქმეში ის მაინც ვიცოდი, დანაშაულად რა ჩათვალა პროკურატურამ… აქ ზმნებიც არ არის, ქმედება [არ ჩანს], დისპოზიციის ზმნის გარდა შეიძლება, საქმეში არ იძებნებოდეს არც ერთი ზმნა? არის ასეთი უზმნო ტექსტები? მე არ ვიცი ასეთი ტექსტები, არ მინახავს არასდროს. აქ არის ორი წინადადება და ორივეში წერია, რომ არ ვიცი, ზუსტად იდგა თუ არა იქო, მაგრამ სახელი არის ნახსენები.
თავის დაცვა არ მეზარება, აზრი აქვს თუ არა, ეს მეორე საკითხია. მომეცით დოკუმენტი, სადაც ვარ ნახსენები. სად ვარ ნახსენები, სად ვარსებობ ამ საქმეში სახელით, გვარით და ზმნით, რა დამიმტკიცეთ, რომ გავაკეთე, ის მითხარით. …თქვენ მითხარით, რა განვახორციელე და გეტყვით, განვახორციელე თუ არა…“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
გიორგი ვაშაძის თქმითაც, ბრალის დადგენილება რომ წაიკითხა, ვერ გაიგო, რა ქმედებას ედავებიან:
„რას მედავებიან, ვერ გავიგე. მერე გადმომცეს, რასაც ამბობენ… ვერაფერი ვიპოვე იქ ჩემთან დაკავშირებით, საერთოდ ვერაფერი… მთავარი საკითხი – რაღაცაზე თავი რომ დაიცვა, ხომ უნდა იცოდე, რას გედავებიან. ეს ერთი.
მეორე, კოლექტიური ბრალის წარდგენა, არსებობს ეგეთი? მე გადავხედე, თუ თქვენ არ წაგიკითხავთ, სასამართლოს არ უნდა მიეღო ეს დოკუმენტი საერთოდ, კონკრეტულად, ჩემი ბრალი, კონკრეტულად, ინდივიდუალურად, ჩემთან დაკავშირებით ამ ერთ გვერდში რაც წერია ჩემს ბრალში თუ ამოგიკითხავთ რა არის მოცემული?
კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს ამა და ამ ქმედებაში ესა და ეს ედავება და ეს არის დანაშაული. წერია ზოგადად, სამყაროში რა ხდება, გვარებია ჩამოთვლილი ზოგადად.
რას ნიშნავს ეხლა ეს? თქვენ ამბობთ, რომ ჩვენთან ესეთი სტანდარტია. მე არ ვიცი, თქვენ რა სტანდარტი დააწესეთ. ასეთ საქმეზე პირველად ვარ ბრალდებულის სტატუსით“, – თქვა მან.
პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ მათ ასე უპასუხა:
„ბატონო ადვოკატების და ბატონი ბრალდებულების მორალი, მე როგორც გავიგე, ისინი ბრძანებენ ეგეთ რაღაცას, რომ აქ არის მტკიცებულებები 40 ტომი და ჩვენ გაგვაგებინეთ, რა რას ადასტურებსო. მაგალითად, ბატონი ზვიადი ამბობს, რომ ამდენ მასალაში მე როგორც მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, გამარკვიეთ, რომელია ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაო. მართალია, ეგ თქვენ არ უნდა არკვიოთ, მტკიცების ტვირთი არის პროკურორზე და პროკურორმა უნდა დაადასტუროს ის ბრალდება, მათ შორის კონკრეტული მტკიცებულებები.
… კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგისი ვალდებულება აქვს პროკურორს და ეს უნდა გაკეთდეს… სისხლის სამართლის საქმე არ შედგება მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებისგან. ხომ აბსურდია, რომ 40 ტომიდან 40-ში ტომში იყოს პირდაპირი მტკიცებულება. სიგიჟეა ეგეთი რაღაც. არ არსებობს საქმე, სადაც ყველა არის პირდაპირი მტკიცებულება.
ახლა მე ვერ ავდგები და სათითაოდ ნუსხას ყველა ბრალდებულზე ვერ შევადგენ იმის გათვალისწინებითაც, რომ არც კანონი ითხოვს ამას, ხომ მართალი ვარ….”, – განაცხადა მან.
პროცესზე ნიკა გვარამიას ადვოკატმა, ქეთი ჩომახაშვილმა მთლიანი სისხლის სამართლის საქმის მასალების დაუშვებლობაზე დააყენა შუამდგომლობა.
„მე ვაყენებ შუამდგომლობას, დაუშვებლად იქნეს ცნობილი მთელი სისხლის სამართლის საქმის მასალა, იმ მოტივით რომ ის შემხებლობაში არ არის ნიკა გვარამიას ბრალდებასთან. ეს ერთი საფუძველი იმ მოტივით, რომ ის არ არის რელევენტური, არ არის შემხებლობაში ნიკა გავარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან.
რაც შეეხება ამ ორი მოწმის გამოკითხვის ოქმს და ამ ორი მოწმის გამოსაკითხთ სიიდან ამორიცხავას, მის დაუშვებლობას ვაყენებ, იმ საფუძვლით, რომ ორივე მოწმის გამოკითხვის ოქმი შეიცავს ირიბ ჩვენებას, ეს არ არის პირდაპირი მტკიცებულება, ის არის თავისი შინაარსით ირიბი და მოგეხსენებათ, რომ საპროცესი კოდექსის თანახმად , ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ირიბი მტკიცებულება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის ბრალდების წარსადგენად, ისევე როგორც არ შეიძლება გამოყენებული იქნეს განაჩენის გამოსატანად.
ამიტომ ორი საფუძვლით, ერთი არის შემხებლობა, არარელევანტურობა და მეორე ირიბი ჩვენება, მთლიანად სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობას ვითხოვ”, – განაცხადა ქეთი ჩომახაშვილმა.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობა და ისინი დასაშვებად ცნო. მოსამართლემ არ გაიზიარა არარელევანტურობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის არგუმენტები.
აღნიშნულის შემდეგ მხარეებმა საქმის არსებითად გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. პროკურატურას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლომ დასაშვებად ცნო, ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებს და საქმე არსებითან განსახილველად უნდა გადაიცეს.
„არაფერი ამ საქმეში არ არის, რაც შეიძლება დანაშაულად იქნეს მიჩნეული” – განაცხადა დაცვის მხარემ. ისინი აღნიშნავდნენ, წარდგენილი ბრალდება რეჟიმის მიზნებს ემსახურება. მათ ბრალდებულების მიმართ დევნის შეწყვეტა მოითხოვეს.
„შეუძლებელია, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ასამართლებდნენ პოლიტიკური განცხადებების გამო. არა იმ კონტექსტში, რაც აქამდე გვქონდა, რომ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ბრალდება სხვაა, ეხლა გადავედით იქამდე, რომ თვით ადამიანების პოლიტიკური აქტიურობა, მათი პოლიტიკური განცხადებები, მათი, როგორც პოლიტიკოსების გამონათქვამები შეიძლება გახდეს ბრალდების საფუძველი და საბოტაჟის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ეს არა მარტო სამართლებრივად შეუსაბამოა, ეს საშიშია…
არავითარი პირდაპირი მტკიცებულება არა გვაქვს, სახეზე გვაქვს პოლიციელების ზოგადი ჩვენებები, რომ მიტინგზე ესწრებოდნენ, ეს ფაქტი იყო, სხვა ირიბი ჩვენება რამის, მათი აქტიურობის – არ გვაქვს. არ არის საქმეში საბოტაჟის შემადგენელი არანაირი მტკიცებულება. აი, ეხლა რომ ვთქვა, რომ უდავოდ ვცნობ პროკურატურის ყველა მტკიცებულებას, საბოტაჟის შემადგენლობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება საქმეში არ არის”, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა საქმე არსებითად განსახილველად გადასცა. არსებითი სხდომის პირველი პროცესი 23 თებერვალს ჩაინიშნა.