მტკიცებულებების ნაწილი გამოქვეყნდა, დანარჩენებიც გამოქვეყნდება - კობახიძე შეთქმულების საქმეზე

პუბლიკა

კითხვაზე, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები, გარდა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების აუდიოჩანაწერებისა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კობახიძე ამბობს, რომ „ნაწილი გამოქვეყნდა და დანარჩენებიც გამოქვეყნდება“. მისივე თქმით, საქმის ფარგლებში მოსმენა „ოფიციალურად, ორდერის საფუძველზე“ განხორციელდა.

„ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელსაც ერთადერთი რამ აინტერესებს – ეს არის ქვეყანაში არეულობის შემოტანა, თუმცა მათ ამის საშუალება არ ექნებათ. გუშინ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც სათანადოდ გაიხსნა სავარაუდო დანაშაული“, – განაცხადა კობახიძემ.

„სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას“, – განაცხადეს გუშინ, 29 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე. სუს-ის განცხადებით, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანისთვის ხელშეშლა.