„მტკიცებულებებში არ ჩადეს ის ზედა, რომელიც ცემისგან სისხლიანი იყო“ | მუსელიანცის საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა დღეს, 22 აგვისტოს, საბოლოო სიტყვა თქვა, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავიდა.

საბოლოო სიტყვაში მუსელიანცმა სათითაოდ მიმოიხილა მის საქმეში არსებული მტკიცებულებები – მოწმეთა ჩვენებები, ოქმები და ვიდეოჩანაწერები.

მისი შეფასებით, საქმეში არაერთი პროცედურული და უხეში ფაქტობრივი დარღვევაა, შეუსაბამოა მოწმეთა ჩვენებები, ხოლო ვიდეომტკიცებულება კი გაყალბებულია.

მუსელიანცმა სასამართლოში განაცხადა, რომ ნივთიერ მტკიცებულებებში არ ჩადეს ცემისგან სისხლიანი ზედა. მუსელიანცი საქმის განხილვის დროს საუბრობდა დაკავებისას მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე.

საბოლოო სიტყვაში თავდაპირველად მუსელიანცმა ისაუბრა სამართალდამცველების, ვანო გავაშელიშვილის, ლევან ჩხიკვაძისა და სოფიკო ლოლაძის ჩვენებებზე.

ვანო გავაშელიშვილმა დაკითხვის დროს სასამართლოს უთხრა, რომ 29 ნოემბერს აქციაზე ფოტო გადაუღო ერთ პიროვნებას, მომდევნო დღეს კი სოციალურ ქსელში გადააწყდა ვიდეოს, რომელშიც ჩანდა, რომ ეს პიროვნება კამერებს ცეცხლს უკიდებდა.

არჩილ მუსელიანცმა საბოლოო სიტყვაში თქვა:

„საქმეში არსებული ფოტომასალები, რომელზეც აღბეჭდილია პირი, რომელიც სვამს წყალს. ამ ფოტომასალების წარმომავლობის და თარიღის არარსებობა, მხოლოდ ვანო გავაშელიშვილის მტკიცებით, საქმეს ლევან ჩხიკვაძემ დაურთო აღნიშნული ფოტომასალა. თითქოს ეს ფოტო ვანო გავაშელიშვილს ეკუთვნოდა… რეალურად კი ამის დამადასტურებელი არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც არ არსებობს.

ისიც უცნობია, რომელ საათზე მიმართა ვანო გავაშელიშვილმა პატაკით იოსებ სიგუას, სამაგიეროდ, ცნობილია, როდის გამოიკითხა ვანო გავაშელიშვილი. 30 ნოემბერს 20:44-დან 21:15-მდე და აქვე დიდი საოცრება, მაქსიმუმ, ერთ საათში ლევან ჩხიკვაძის თქმით, იწყება ჩემი გამოკითხვა. ანუ გავაშელიშვილის გამოკითხვიდან ერთ საათში დეპარტამენტის მეორე სართულზე ჩხიკვაძის ოთახში ვიკითხები და თან ნებაყოფლობით.

თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო, მე ვიყავი დაკავებული ადმინისტრაციული წესით… …ვანო გავაშელიშვილის გამოკითხვის დასრულებიდან ერთ საათში, შეუძლებელია, ადამიანს შეატყობინო, რომ იბარებ გამოკითხვაზე და დარჩენილ დროში, იმ ერთ საათში, ის მივიდეს, თანაც არასამუშაო საათებში. აქედან ნათლად ჩანს, თუ რა ხარისხის ძაფითაა შეკერილი ეს საქმე და რამდენი უხეში დარღვევაა მასში.

ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმი – ამ ოქმში აღნიშნულია, რომ ლევან ჩხიკვაძემ გახსნა ჩანაწერი არჩილ მუსელიანცთან ერთად და დაათვალიერა. მოგახსენებთ, ეს სიცრუეა. ლევან ჩხიკვაძის სასამართლოში გამოკითხვისას დავუსვი კითხვა ლევან ჩხიკვაძეს: შემეძლო თუ არა კომპიუტერის მონიტორის დანახვა, როცა ვიკითხებოდი მოწმის სახით და ლევან ჩხკივაძემ სასამართლოში აღნიშნა, რომ არა. რას ვხედვათ აქ – გაყალბებულ ოქმს და სიცრუეს.

კიდევ ერთ მოწმეს, სოფიკო ლოლაძეს ვყავარ ნანახი, როცა მოწმის სახით ვიკითხებოდი, მინიმუმ, 4-ჯერ მაინც, თუმცა უარყოფს. ლევან ჩხიკვაძის სამუშაო ოთახის კარი მუდმივად ღია იყო და მაგ ოთახის მოპირდაპირედ სხვა ოთახი იყო, რომელშიც შედიოდა და გამოდიოდა სოფიკო ლოლაძე. როცა მე ვიყავი ლევან ჩხიკვაძის ოთახში, სისტემატურად შემოდიოდა პიროვნება, რომელიც ყურში ეჩურჩულებოდა ლევან ჩხიკვაძეს, შემდეგ შედიოდა იმ ოთახში, სადაც სოფიკო ჩხიკვაძე იმყოფებოდა; შემდგომ ქალბატონი სოფიკო სადღაც გადიოდა და ბრუნდებოდა, ოთახში შესვლისთანავე გამოდიოდა ის პიროვნება, რომელიც რაღაცებს ეჩურჩულებოდა ყურში. შემდეგ ეს პიროვნება ვნახე ხმის ნიმუშის აღების დროს, ეს პიროვნებაა ბაქარ გლურჩაძე. აშკარაა, სოფიკო ლოლაძეს ვიღაც კარნახობდა, შემდეგ ლოლაძე ეუბნებოდა გლურჩაძეს, როგორ უნდა ემოქმედა ჩხიკვაძეს და რა უნდა ჩაეწერა ოქმებში“, – თქვა მუსელიანცმა.

მან ასევე ისაუბრა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტის ჩვენებაზე და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ არ გაკეთებულა მისი გამოკითხვის ვიდეოჩანაწერები.

„როდესაც გამოძიება მართალია, ის აწარმოებს ვიდეომონიტორინგს, თუმცა თუ გამოძიება ტყუის, მას ეს არ სჭირდება. არც ერთი ვიდეოკამერა არ არსებობს გამოკითხვების დროს. გამოკითხვების დროს გამოძიებას შეუძლია, აწარმოოს ჩაწერა ჩემი თანხმობის გარეშეც.

…მინდა ასევე შევეხო მოწმე ნინო გორაშვილს, ესაა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი, რომელმაც არ ჩაატარა სრულყოფილი ექსპერტიზა და ვერ დაადგინა, რომ ვიდეოზე მონტაჟის კვალია. ის ასევე ირწმუნებოდა სასამართლო დარბაზში, რომ ვერ დაინახა, ვიდეომონტაჟი თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ ვიდეოს ნამდვილად აღენიშნება მონტაჟის კვალი. კანონი ავალდებულებს ექსპერტს, რომ მან არამარტო გამომძიებლის კითხვას უნდა უპასუხოს, არამედ ზოგადად უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულება.

ექსპერტმა დადო ზოგადი დასკვნა, ანუ ექსპერტმა ვერ შეასრულა ან არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. როგორც უნდა იყოს, მისი სანდოობა და პროფესიონალიზმი უკვე ეჭვქვეშაა.

ნინო გორაშვილმა განაცხადა, რომ ვიდეომასალაში არსებული პიროვნების ქურთუკი განატების გამო შესაძლოა იყოს არა მოკრემისფრო, არამედ მოყავისფრო“, – განაცხადა მუსელიანცმა.

მუსელიანცის თქმით, ოქმებს ხელი ნებაყოფლობით მოაწერა იმისთვის, რომ „მისთვის თავი დაენებებინათ“.

„რაც შეეხება ოქმებზე ხელმოწერებს, ვადასტურებ, ჩემი ხელმოწერებია, ამ ხელმოწერებით მიიღეს რაც უნდოდათ და თავი დამანებეს. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ სასამართლოში ამ ფურცლებს არანაირი ძალა არ ექნებოდათ, ვიცოდი. თავი რომ დაენებებინათ, მოვაწერე, აბა რას ვიზამდი.

კიდევ ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელიც არ არსებობს, ესაა ტანსაცმელი. სადაც კი ფეხი შემიდგამს, ყველგან ჩხრეკა იყო ჩატარებული – იყო ეს სახლები, ოფისები და ვერსად აღმოაჩინეს მტკიცებულებები. ლევან ჩხიკვაძემ გამოსავალი რომ ვერ ნახა, ჩაწერა, რომ არჩილ მუსელიანცმა განაცხადა, რომ არსებული ტანსაცმელი, რაც მას ეცვა, დაწვა და თურმე შიშველი დავდიოდი რუსთაველზე.

29 ნოემბრის 18:00-დან 30 ნოემბრის 13:00-მდე ვიმყოფებოდი რუსთაველზე, იმ ტანსაცმლით, რომელიც ნივთმტკიცებულებებში ჩადეს, მაგრამ არ ჩადეს ის ზედა, რომელიც სისხლიანი იყო. რა თქმა უნდა, სისხლიანი იყო ცემისგან.

რა ტანჯვა და წამებაც გავიარე, ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, იმიტომ, რომ საქმეშიც არსებულია, ბევრი ოქმია ჩემი გამოკითხვის, დეტალურად ახსნილი მაქვს, როგორ მიიღეს ჩემი ხელმოწერები, რით მაშინებდნენ, რით მაშანტაჟებდნენ, რით მემუქრებოდნენ“, – განაცხადა მუსელიანცმა.

მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, რას იტყოდა უშუალოდ ქმედებაზე, რომელიც ბრალად ედება.

ბრალდებულის თქმით, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„ეს არაა ჩემი დამწვარი, ვინც დაწვა, ჯობია, ის მოიძიოთ… შერჩევითად აარჩიეს ბრალდებულები“, – თქვა მუსელიანცმა.


1997 წელს დაბადებულ არჩილ მუსელიანცს პროკურატურა ედავება აქციების დროს პარლამენტთან დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების კაბელების დაზიანებას, რამაც 534 ლარის ზიანი გამოიწვია.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით და სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გთავაზობთ „პუბლიკის” მასალებს მუსელიანცის შესახებ:

  • „კიდევ კარგი, დახვრეტა არ არის” | ვიდეო;
  • „ბრალდებები ჩემს მიმართ არის პოლიტიკურად მოტივირებული” | ვიდეო;
  • მუსელიანცი ღირსებისშემლახავ მოპყრობაზე; | ბმული;
  • მუსელიანცი მისი დაკავების შესახებ – მუქარასა და შანტაჟზე | ბმული;
  • საია: სინდისის პატიმრების საქმეების მონიტორინგში 10 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობა იკვეთება | ბმული;
  • არჩილ მუსელიანცის პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დამსწრეებს სხდომა დაატოვებინა | ვიდეო;
  • პოლიციის დეტექტივ, ვანო გავაშელიშვილის დაკითხვა | ბმული;
  • არჩილ მუსელიანცი ეროვნულ გამოცდებს აბარებს | ბმული;
  • 534 ლარის ზიანისთვის არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება | ბმული;
  • დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა და რეპლიკები | ბმული;
  • ბრალდებულის საბოლოო სიტყვა | ბმული;