„მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ რუსულ აგრესიას“ - აშშ-ის საელჩო 25 თებერვალს ეხმაურება

პუბლიკა

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არა კვდებოდა“, – აშშ-ის საელჩო რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის წლისთავს გენერალ გიორგი კვინიტაძის სიტყვებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროატლანტიკური საზოგადოება არის ერთიანი და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეს რუსულ აგრესიას და მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„1921 წლის ამ დღეს, საკუთარი თანამემამულეების „დაცვის” მოგონილი მიზეზით, საქართველოში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო. ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთი პირობას დებდა, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისთვის. ამას მოჰყვა საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეული, რომლის განმავლობაშიც საქართველომ დაკარგა უამრავი მოქალაქე, ვინც ტირანიის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა. წელს აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.


ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 102 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ხუთკვირიანი გმირული ბრძოლის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.