მტკვრის წყლის დონე რამდენიმე დღით დაწიეს „პომპეუსის ხიდის“ გამოსაჩენად

პუბლიკა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის შედეგად მცხეთაში მტკვარი გაუშვეს, რათა ძვ. წ. IV-III საუკუნეებით დათარიღებული „პომპეუსის ხიდი“ გამოჩენილიყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 48-დან 72 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი „პომპეუსის ხიდზე“დაკვირვება.

„მრავალი წელია, მცხეთელები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მოითხოვდნენ დახმარებას, რომ შუამდგომლობა გაეწია „ენერგო პრო ჯორჯიასთან“, ამ ადგილას მტკვარი გაშვებულიყო და „პომპეუსის ხიდი“ გამოჩენილიყო, ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფოტო-ვიდეო ფიქსაციისა და გარკვეული არქეოლოგიური დაკვირვებისთვის, იმისთვის, რომ გვცოდნოდა, ეს ძეგლი რა მდგომარეობაშია. მე მინდა მადლობა გადავუხადო კერძო კომპანიას, რომელმაც ძალიან სწრაფად, ჩვენი შუამდგომლობიდან რამდენიმე დღეში მიიღო გადაწყვეტილება წყლის დაცლის შესახებ და დღეს ჩვენ გამოვაჩინეთ „პომპეუსის ხიდი“ თავისი სხვადასხვა დროის შრეებით. გვაქვს 48 საათიდან 72 საათამდე პერიოდი საიმისოდ, რომ პირველადი ნაბიჯები გადაიდგას.

მაგალითად, ძეგლს მოშორდეს მცენარეები, რომლებიც ფესვებით აზიანებენ ქვას, ასევე, არქეოლოგებმა შეძლონ პირველადი სამუშაოების შესრულება”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი სრულფასოვანი კვლევისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ თანამშრომლობა გაგრძელდება, ძეგლის შესანარჩუნებლად.


„პომპეუსის ხიდი“ – არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი მდებარეობს ქალაქ მცხეთის შესასვლელში, ამჟამად მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით, 100 მეტრში. ხიდი აქამდე მხოლოდ მდინარის წყლის დონის მკვეთრად დაწევისას ჩნდებოდა. როგორც ისტორიულ წყაროებშია მითითებული, მტკვარზე გადებული ძველი ხიდი უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი“, თუმცა ის პომპეუსამდეც არსებობდა, სავარაუდოდ, ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან.