გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის თქმით, მინიმუმ მესამე დღეა, საქმეში განთავსებული მასალებით მთლიანად აღდგენილია გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი და გამოკვეთილია მისი ჩამდენი პირები. ამის შესახებ ნიკოლაძე Facebook-ზე წერს.
„უკვე სამი დღეა ყველა, ვინც იცნობს საქმის მასალებს, ვინც იცის წერა-კითხვა, ვინც ელემენტარულად ერკვევა დაკითხვებსა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მარტივად მიხვდებოდა, რომ გიორგის გაეკიდნენ „ტოიოტა“-დან გადმოსული მხეცები, რომელთაგან სამი მათგანი გაეკიდა ხიდის გასწვრივ სირბილისას და ჩაჰყვნენ ხიდების ბურჯებამდე, ხოლო ორმა მათგანმა ხიდზე გადმოუსვლელად ჩაუხვია ამავე ბურჯებთან ჩამავალ გზაზე მეორე მხრიდან, სადაც გიორგი აღმოჩნდა ალყაში და იძულებული გახდა სირბილი გაეგრძელებინა მდ. არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. სადაც დაეწივნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და გადააგდეს მდინარეში“, – წერს მირიან ნიკოლაძე.
შაქარაშვილის ბიძა თავის Facebook პოსტში მედიისა და საზოგადოების ნაწილს გამოძიებისთვის ხელის შეშლაშიც ადანაშაულებს. ნიკოლაძის თქმით, ჟურნალისტების, ექსპერტებისა და მოქალაქეთა ნაწილი ბრალდებულთა ინტერესებს უწყობს ხელს და „საფრთხეს უქმნის საპატიმრო ვადებს“.