მთლიანობაში ძალიან საინტერესო სურათი დალაგდა - კობახიძე ფარცხალაძის საქმეზე

პუბლიკა

„საბოლოო ჯამში, საინტერესო რამ გამოვიდა, რეალურად ხვალიდან ეს რეგულაცია ოთარ ფარცხალაძეზე საერთოდ არ გავრცელდება, რადგან ის კარგავს მოქალაქეობას, ” – ამის შესახებ „ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.

„მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ თითქოს ეს რეგულაცია კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის გამო შეიტანა ბრძანებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. საბოლოო ჯამში, საინტერესო რამ გამოვიდა, რეალურად ხვალიდან ეს რეგულაცია ოთარ ფარცხალაძეზე საერთოდ არ გავრცელდება, რადგანაც ის კარგავს უკვე დღეიდან საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა ძალაში დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერ ქართულ კომპანიას იცავს კონსტიტუციის წინააღმდეგ მისი უფლებების დარღვევისგან.

ჩვენს კონსტიტუციაში ჩადებულია 2 ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი  – ეს არის საკუთრების ძირითადი უფლება და ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ძველი რეგულაციებით, საქართველოს მოქალაქისთვის ორივე უფლება ირღვეოდა, ახალი რეგულაციით კი, უკვე უზრუნველყოფილია ის, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ არცერთი უფლება არ დაირღვეს. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო სურათი დალაგდა. ოპოზიციამ ერთდღიანი ქარიშხალი შექმნა ჭიქაში, მეტს ვერაფერს მიაღწიეს, მაქსიმუმ ერთდღიანი შედეგები აქვთ ხოლმე, “- ამბობს კობახიძე ტელეკომპანიასთან.

დღეს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტონ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს. მათივე ცნობით, შესაბამისი დასკვნა უკვე გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს.