ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ანგარიში, რომელიც 2025 წლის მდგომარეობას მიმოიხილავს პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა მოამზადეს, კერძოდ, პრესის თავისუფლების დამცველმა 15-მა ორგანიზაციამ და ჟურნალისტურმა ასოციაციამ, მათ შორის IPI-მაც (საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი).
საქართველოს შესახებ ანგარიშში წერია, რომ აქ „ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა“.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს პლატფორმის პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროპის მასშტაბით მედიის თავისუფლებისთვის შექმნილი სერიოზული საფრთხეების შესახებ ჯამში 344 განგაშის სიგნალი გამოაქვეყნეს, რაც 2024 წელთან შედარებით 19%-ით მაღალია.
შეტყობინებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები იყო რუსეთი (50), თურქეთი (49), საქართველო (35), სერბეთი (35) და უკრაინა (27) — ეს უკანასკნელი ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება ან რუსულ ძალებს მიეწერება.
ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში, სერბეთსა და თურქეთში გამოვლინდა. ჟურნალისტები ხდებოდნენ პოლიციის, პოლიტიკური აქტორებისა და აქციაში მონაწილე პირების სამიზნეები; მათ ხელს უშლიდნენ საქმიანობაში ან სჯიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო. ეს ფაქტები მიუთითებს, რომ საქართველოში არ არსებობს უსაფრთხო გარემოს და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე პასუხისმგებლობა. ევროსაბჭოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ონლაინ შევიწროება და კოორდინირებულად დაშინება განსაკუთრებით არაპროპორციულად შეეხო ქალ ჟურნალისტებს.
ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ 2025 წელს ჟურნალისტებს განსაკუთრებით ესხმოდნენ თავს ორ ქვეყანაში: საქართველოში, სადაც მედიის წარმომადგენლები მკაცრი რეპრესიების ქვეშ მოექცნენ ავტორიტარიზმსა და ანტიევროპულობაში ბრალდებული ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული მასობრივი პროტესტების გაშუქებისას; და სერბეთში, სადაც ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები იმართებოდა „ნოვი სადის“ სადგურზე კონსტრუქციის ჩამონგრევის შემდეგ – მოქალაქეები სახელმწიფო გულგრილობას და კორუფციას აპროტესტებდნენ.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეების გამო გამოქვეყნებული განგაშის სიგნალების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 78%-ით გაიზარდა.
„ეს სიგნალები ასახავს პრესის თავისუფლების ფართომასშტაბიან ნგრევას, რაც გამოწვეულია ინსტიტუციური რეპრესიებით, პოლიტიზებული სამართალდამცავი უწყებებით, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცებით, ასევე ეფექტიანი ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების ეროზიით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია მზია ამაღლობელის პატიმრობაზე. ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა აღნიშნავს „პუბლიკის“ ჟურნალისტის, ბასტი მგალობლიშვილის დაკავებასაც.
დოკუმენტში ვკითხულობთ:
„2025 წლის 6 აგვისტოს 200 დღეზე მეტი წინასწარი პატიმრობისა და მაღალი ხარისხით პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს – საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავების დღიდან ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები დისკრედიტაციის კამპანიების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და ეკონომიკური რევანშის მსხვერპლნი გახდნენ.
თვითნებური დაკავებები მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. 2025 წლის 3 ნოემბერს, „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ადმინისტრაციული წესით, „გზის ჩახერგვის“ ბრალდებით დააკავეს მაშინ, როცა ის საპროტესტო აქციას აშუქებდა. მანამდე, ოქტომბერში, პოლიციამ ანალოგიური ადმინისტრაციული ბრალდებით მცირე ხნით დააკავა გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი“.
საქართველომ მიიღო ახალი კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც სოლიდურ ჯარიმებსა და პატიმრობას ითვალისწინებს
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე რეპრესიული კანონი მიიღო. 2025 წლის 1 აპრილს პარლამენტმა დაამტკიცა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ახალი ვერსია, სახელწოდებით „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლითაც დაწესებული ვალდებულებების დარღვევაც 25 000 ლარამდე (8 250 ევრო) ჯარიმას და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევროსაბჭოს მედიის თავისუფლების ანგარიშში ასევე აშნიშნულია „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც უცხოელ დონორებს ავალდებულებს, გრანტების გაცემამდე ნებართვა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებებმა, რომლებიც ძალაში 2025 წლის ივნისში შევიდა, გააფართოვა „მიტაცებული მედია-რეგულატორის – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები“.
„კომისიას მიენიჭა უფლება, დაარეგულიროს ფაქტობრივი სიზუსტე, მიუკერძოებლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რაც მანამდე თვითრეგულირების მექანიზმით კონტროლდებოდა. ცვლილებებმა კომისიას მისცა შესაძლებლობა, ახალი წესების დარღვევისთვის მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა წლიური შემოსავლის 3%-მდე ოდენობით ან გაუუქმოს ლიცენზია“, – ნერია დოკუმენტში.
მასში ასევე აღნიშულია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის ახალი ცვლილებების გამოყენებით, ხელისუფლებამ კომუნიკაციების კომისიაში უკვე შეიტანა საჩივრები „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ.
ამავე დროს, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2025 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, რამაც შეამცირა არსებული დაცვის გარანტიები და გაზარდა პასუხისმგებლობა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის.
დოკუმენტში ასევე საუბარია ჟურნალისტებისთვის სასამართლოს შენობასა და მიმდებარე ტერიტორიებზე ფოტო და ვიდეო გადაღების ან ტრანსლაციის აკრძალვაზე და ნათქვამია, რომ შესაბამისი კანონი, რომელიც ასევე „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო, „მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტების შესაძლებლობას, გააშუქონ პროცესები სასამართლოს შენობიდან“.
„სასამართლოს განჩინებით დაყადაღდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის პრესის თავისუფლებაზე მომუშავე ჯგუფების საბანკო ანგარიშები. სამიზნეები გახდნენ მედიაორგანიზაციებიც, მათ შორის: ონლაინ გამოცემა „პროექტი 64“; ორგანიზაცია, რომელიც მართავს „მთის ამბებს“ და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის მედია ცენტრი, რომელიც მართავს საგამოძიებო გამოცემა iFact-ს“. – წერია ანგარიშში.
ევროსაბჭოს მედიის თავისუფლების ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
„როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული: „საზოგადოებრივ მაუწყებელს აკლია დამოუკიდებლობა, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და წვლილი შეიტანა ანტიევროპული რიტორიკის პროპაგანდაში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ.
„მოგვიანებით ნინო ზაუტაშვილის თოქ-შოუ დაიხურა. მომდევნო პერიოდში სამსახურიდან კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ამ გათავისუფლებებმა, ეთერის ცვლილებებმა, შემზღუდავმა სარედაქციო პრაქტიკამ და დაფინანსებისა თუ მართვის კუთხით განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის მოწყვლადობას პოლიტიკური გავლენების მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოში შესვლაზე კვლავ უარს ეუბნებიან უცხოელ ჟურნალისტებს, მათ შორის უარი უკვე უთხრეს: ბრიტანელი ფრილანსერი ჟურნალისტ უილ ნილს, ფრანგი ფრილანსერი ფოტოჟურნალისტ ჟერომ შობოს, იტალიელი ჟურნალისტ ჯაკომო ფერარას და შვეიცარიელი ფოტოჟურნალისტ გრეგორ ზომერს.
„ათობით ჟურნალისტი კვლავ გახდა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. მათ არაერთხელ დააჯარიმეს, შეუშალეს ხელი პროფესიულ საქმიანობაში და ჩამოართვეს ტექნიკა. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა კვლავ ფართოდ გავრცელებულია; გამოძიება ხშირად არაეფექტიანია, ხოლო დამნაშავეები, განსაკუთრებით სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, პასუხისგებაში არ მიეცემიან.
მიუხედავად საქართველოში მედიაზე განხორციელებული უპრეცედენტო ზეწოლისა, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს და მუშაობას აგრძელებენ. თუმცა, ბალანსისა და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების, სამართლებრივი გარანტიებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, დაუყოვნებლივი საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის გარეშე ქვეყანაში ჟურნალისტიკა მდგრადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის მედიის თავისუფლების ანგარიშში.