მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის პროექტის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პორტი მხოლოდ გამდიდრებისთვის უნდოდათ, მას შემდეგ კი, რაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები, გადაწყვიტეს „ქვეყანა გაეძარცვათ“ და არბიტრაჟში იჩივლეს.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერი გამოცხადდება, მაგრამ ის სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდება.
„2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება. შერჩეულ იქნა ინვესტორი, კარგად მოგეხსენებათ ყველას, ვინ არის ეს, ე.წ. ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა ეს ვალდებულება. ეს პორტი არ ააშენა, ამ ვალდებულების მიხედვით ჩვენ 2020 წელს უნდა მიგვეღო პირველი გემები. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება – 3-ჯერ, 4-ჯერ, თუ არ ვცდები. ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა.
თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს 3 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი თანხები მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან 20-25 მილიონი დაახლოებით. ეს არის, რაცაა.
სანაცვლოდ მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას. მიწა ჩვენი იყო, უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც. გზების, რკინიგზის მიყვანას, ასობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი მიეღო. რეალურად ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის.
მას შემდეგ, რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან 1,5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება?!
ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერცერთი ვალდებულება. ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ედავება 1,5 მილიარდს. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი ამ პორტის აშენების უკან არ იდგა. ეს იყო გამდიდრების და ძარცვის იდეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტზე ეკონომიკის სამინისტრო ახალ კონკურსს გამოაცხადებს, მაგრამ პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება. ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ობიექტს სახელმწიფო ფლობდეს.
„გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს… მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს. მაგრამ ახლა მთავარი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს.
ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. თქვენც კარგად მოგეხსენებათ ანაკლიაში რაც ხდება ახლა, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში.
ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს სხვა კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.